სომხეთიდან რუსეთში ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტს საქართველოს გავლით კვლავ შეფერხებები შეექმნა. 13 ნოემბრიდან ქართულმა მხარემ სომხური ტვირთების კონტროლი გაამკაცრა, რის გამოც კონიაკის, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების გადამზიდავი სატვირთო ავტომობილები დამატებით შემოწმებას გადიან. ამის შესახებ სომხური გამოცემა Shamshyan.com წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებს საქართველოში აჩერებენ და თბილისის მახლობლად მდებარე გეზის (გაფორმების ეკონომიკური ზონა) ტერიტორიაზე ამისამართებენ. იქ ტვირთიდან ნიმუშებს იღებენ და ლაბორატორიული კვლევისთვის აგზავნიან. შემოწმების შედეგების მოლოდინში სატვირთო მანქანები რამდენიმე დღის, ზოგიერთ შემთხვევაში კი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩერდებიან.
პრობლემაზე საუბრობენ სომხური სატრანსპორტო კომპანიებისა და ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, შეფერხებები დამატებით ფინანსურ და ორგანიზაციულ ხარჯებს წარმოშობს, აჭიანურებს მიწოდების ვადებს და კომპანიებს მყიდველებთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას ურთულებს.
ამ დროისთვის გაურკვეველია, რა გახდა საქართველოს მხრიდან კონტროლის გამკაცრების მიზეზი და რამდენ ხანს გაგრძელდება შემოწმების არსებული პროცედურა. სომხური მედიის ცნობით, ტვირთების ლაბორატორიული შემოწმების ხარჯი მხოლოდ ექსპორტიორებს არ აწვებათ და ის მთელ მიწოდების ჯაჭვზე აისახება.