ევროპის საავადმყოფოებში ბაქტერია Klebsiella pneumoniae-თი გამოწვეული ინფექციების მკვეთრ ზრდას აფიქსირებენ. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ამ მიკროორგანიზმით გამოწვეული სისხლის ინფექციების რაოდენობა 72%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს Politico დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრზე (ECDC) დაყრდნობით აქვეყნებს.

კლებსიელას, ასევე ფრიდლანდერის ბაცილის, შტამები ანტიბიოტიკების მიმართ, მათ შორის მძიმე ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული თანამედროვე პრეპარატების მიმართ რეზისტენტობას იძენს. ბაქტერიის ზოგიერთი ნაირსახეობა თითქმის ყველა არსებულ მედიკამენტს უძლებს. ეს ართულებს პნევმონიის, საშარდე გზების ინფექციების და სისხლის მოწამვლის მკურნალობას, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზებული პაციენტების შემთხვევაში.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის თანახმად, კარბაპენემების მიმართ რეზისტენტული კლებსიელათი გამოწვეული ინფექციების გავრცელება 2019 წლიდან 2025 წლამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებლები ეწინააღმდეგება ევროპული ქვეყნების გეგმებს, შეამცირონ ასეთი შემთხვევების სიხშირე 5%-ით 2030 წლისთვის. ევროკავშირში ყოველწლიურად 35 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება წამლის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციებისგან.

პაციენტებს შორის ინფექციის გადაცემის შესაძლებლობის გამო, ჯანდაცვის დაწესებულებები ბაქტერიების გავრცელების კერებად იქცევა. ექსპერტები ურჩევენ, რომ საავადმყოფოებმა გააძლიერონ შენობების დეზინფექცია, გააუმჯობესონ სანიტარული კონტროლი და უფრო ხშირად გამოავლინონ მატარებლები.

კლებსიელასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე, ექიმებმა კიდევ ერთი პათოგენის - მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის (MRSA) შემთხვევაში მდგომარეობა გააუმჯობესეს. მის მიერ გამოწვეული სისხლის ინფექციების რაოდენობა იმავე პერიოდში 19%-ით შემცირდა.

წყარო: snob.ru