უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებმა რუსეთის შავი და აზოვის ზღვების პორტები საგარეო ვაჭრობისთვის პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახადა. InfraNews-ის მონაცემებით, გასულ წელს ნოვოროსიისკის პორტმა 1.1 მილიონი კონტეინერი მიიღო, თუმცა ოქტომბერში რუსეთის სამხრეთ პორტებში კონტეინერების გადატვირთვა საერთოდ არ განხორციელებულა.
ზაფხულში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში გემებზე თავდასხმები გაააქტიურეს, რის შედეგადაც რამდენიმე გემი ჩაიძირა. ამის გამო, ოქტომბრისთვის ნოვოროსიისკის მიმართულებით მომუშავე ბოლო გადამზიდავებმაც შეწყვიტეს ოპერირება. ამის შესახებ Sea-Shipping-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი გაგარინოვმა InfraNews-ს განუცხადა.
ტვირთების ალტერნატიული მარშრუტებით გადაზიდვა რამდენჯერმე უფრო ხანგრძლივი და ძვირია, თუმცა, როგორც ერთ-ერთი საექსპედიტორო კომპანიის მფლობელი აღნიშნავს, არავის სურს გაუმართლებელი რისკის გაწევა.
მიუხედავად აზოვისა და შავი ზღვის აუზში კონტეინერების გადატვირთვის ნულოვან მაჩვენებლამდე შემცირებისა, რუსეთის პორტებში ოქტომბრის საერთო შედეგი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გაზპრომბანკის ეკონომიკური პროგნოზირების ცენტრი იუწყება.
ცენტრის შეფასებით, 2026 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში რუსეთის პორტებში კონტეინერების გადატვირთვა 4.5%-ით გაიზარდა და 4.57 მილიონ TEU-ს მიაღწია. ეს ისტორიულად მეორე საუკეთესო შედეგია 2021 წლის შემდეგ, რეკორდულ მაჩვენებელს კი მხოლოდ 60 ათასი TEU აშორებს.
სამხრეთ პორტებიდან გადამისამართებული ტვირთების ძირითადი ნაწილი ბალტიის ზღვისა და შორეული აღმოსავლეთის პორტებზე გადანაწილდა. ცენტრის შეფასებით, ოქტომბერში ბალტიის პორტებში კონტეინერების გადატვირთვამ პირველად, 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, 200 ათას TEU-ს გადააჭარბა. შორეული აღმოსავლეთის პორტებში კი მაჩვენებელი 2024 წლის რეკორდულ დონეს მიუახლოვდა.
ტვირთების გადაზიდვის მთავარი ალტერნატიული მიმართულება სანქტ-პეტერბურგი გახდა. თურქეთის პორტებიდან გემებს ახლა ხმელთაშუა ზღვის, გიბრალტარის სრუტის, ლა-მანშის, ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების გავლით უწევთ გადაადგილება. შედეგად, ტრანსპორტირების დრო 3–5 დღიდან 2–3 კვირამდე გაიზარდა, ხოლო ერთი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება 3–6-ჯერ გაძვირდა.
2022 წლამდე სანქტ-პეტერბურგის პორტები იმპორტის მიღების მხრივ რუსეთის ლიდერები იყვნენ, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებისა და ლოგისტიკური ნაკადების აღმოსავლეთისკენ გადამისამართების შემდეგ მათი ტვირთბრუნვა მკვეთრად შემცირდა.
კონტეინერული ოპერატორის Logoper-ის მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგის პორტში გადაზიდვების ზრდა ამჟამად მხოლოდ იმპორტის ხარჯზე ხდება. მათივე შეფასებით, კონტეინერული ტვირთები ბალტიის ზღვის პორტებს უბრუნდება, მათ შორის ევროპიდან და აშშ-დან იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც ადრე თურქეთის გავლით ნოვოროსიისკში შედიოდა.