საქართველოში ჰიდროელექტროსადგურები (ჰესები) ხშირი განხილვის საგანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი პროექტები იგეგმება. დისკუსიები ემოციური ფონის მიღმა არაერთ მითს ეფუძნება, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. მითების არსებობა ხელს უშლის საზოგადოებას ობიექტური სურათის მიღებაში და აფერხებს ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. ასეთი შემთხვევა კი ჩვენს რეალობაში მაშინ დაგვიდგა, როდესაც ნამახვანჰესის პროექტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რამაც გამოიწვია როგორც ჰესის მშენებლობის შეჩერება, ისე საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი მხრივ ის მითები, რაც ხშირად გვხდება ჰესებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ გავიაზროთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

ერთ-ერთი გავრცელებული მითი ისაა რომ თითქოს ჰესები ანგრევს ბუნებას და უნიკალურ ეკოსისტემებს

ეს მითი ხშირად ფუძნდება იმ ფაქტზე, რომ ჰესის მშენებლობა მოითხოვს გარკვეულ სივრცეს და ცვლის ლანდშაფტს. თუმცა, ყველა ჰესი არ არის მასშტაბური კაშხალი. არსებობს მცირე და საშუალო ჰესები, რომლებიც ბევრად ნაკლებ გავლენას ახდენენ გარემოზე. მცირე და საშუალო ჰესების ეკოლოგიური ზეგავლენა მცირეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროექტი გარემოს დაცვის წესების დაცვით ხორციელდება. გარდა ამისა, თანამედროვე ჰესების პროექტირება ითვალისწინებს ე.წ. მიტიგაციის ღონისძიებებს (კლიმატის ცვლილებების შერბილება), რაც გულისხმობს თევზების გასასვლელების არსებობას, წყლის ნაკადების რეგულირებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მექანიზმებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოს ჰიდრორესურსები განახლებადია - წყალი მუდმივ  წრებრუვნაშია, რაც ჰესებს ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ ენერგიის წყაროდ აქცევს, განსაკუთრებით ნახშირბადოვან საწვავებთან შედარებით.

არც  თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ასევე მცდარი შეხედულება, თითქოს ჰესები ენერგო-სისტემას აზიანებს და ვერ აკმაყოფილებს შიდა  მოთხოვნას. ჰესებს შეუძლიათ არა მხოლოდ მუდმივი ენერგიის მიწოდება, არამედ ენერგოსისტემის სტაბილიზაციაც. სწორედ ჰესები ამუშავებენ „პიკურ დატვირთვებს“, როცა მზისა და ქარის რესურსები არ არის საკმარისი. იგივე საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, ჩვენი მთლიანი ენერგიის წარმოების დაახლოებით 80% სწორედ ჰესებზე მოდის. საერთაშორისო პრაქტიკის ჭრილშიც რომ განვიხილოთ, ჰესები სწრაფად რეაგირებენ ენერგეტიკულ მოთხოვნაზე და ხშირად ითვლება „ბალანსის შენარჩუნების“ მთავარ ინსტრუმენტად ენერგოსისტემაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰესების განვითარება ნიშნავს შიდა მოთხოვნის დაკმაყოლიფებას, რაც შემდგომში ამცირებს იმპორტს. იმპორტის შემცირება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად რჩება, რაც ჰესების განვითარებას საჭიროებს.

კიდევ ერთი მითი, რომელიც ჩვენთან აქტუალურია გულისხმობს იმას, რომ თითქოს  ჰესები ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებს, ან საცხოვრებელი ტერიტორიიდან მათ გადასახლებას იწვევს. სინამდივლეში რეალობა განსხვავებულია. იგივე ნამახვანჰესის შემთხვევაში ინვესტორმა კომპანიამ საკმაოდ სოლიდური თანხები გადასცა ადგილობრივებს გარკვეული ტერიტორიების სანაცვლოდ. ცხადია ეს პროცესი ნებაყოფლობითი იყო და თუკი უფრო დეტალურად ჩავყვებით, დავინახავთ, რომ მოსახლეობა დათანხმა ამ თანხებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შედგა თავისუფალი შეთანხმება და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

ჰესების მშენებლობით რომ ადგილობრივი მოსახლეობა ზიანის ნაცვლად კეთილდღეობას იღებს ჩანს იმაშიც, რომ ჰესების მშენებლობა იწვევს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, როგორიცაა გზები, კომუნიკაციები, სკოლები და ა.შ. ამ ყველაფრით ბუნებრივია თავად ადგილობრივები სარგებლობენ. აქვე უნდა დავაზუსტოთ ისიც, რომ მცირე და საშუალო ჰესები პრაქტიკულად არ საჭიროებენ რელოკაციას და არც დიდი მიწების გამოყენებას.

გავრცელებულ მითებს შორისაა, რომ თითქოს ჰესები კლიმატზე ცუდად მოქმედებს.

მართალია, გლობალურ დონეზე დიდი წყალსაცავების ჰესებს შეიძლება ჰქონდეთ მეთანის ემისიები, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს რისკი მინიმალურია.

  • ჰესები არ მოიხმარენ წიაღისეულ საწვავებს და არ გამოყოფენ CO2-ს ან სხვა სათბურის გაზებს, რაც მათ კლიმატისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ალტერნატივად აქცევს.
  • მეთანის ემისია ძირითადად ხდება ტროპიკულ ზონაში, სადაც წყალსაცავებში ორგანული ნივთიერებები ბევრია. საქართველოს ჰესებში მსგავსი მოცულობის მატერია პრაქტიკულად არ გროვდება.

უშუალოდ დიდი ჰესებიც  რომ ავიღოთ, ყველაზე მნიშვნელოვანია შევხედოთ რა ხარჯი აქვს პროექტს და რა ამონაგები. თუკი პროექტიდან მიღებული კეთილდღეობა იმაზე მაღალია, ვიდრე ხარჯი, რა თქმა უნდა, ეს ქმედება გამართლებულია, რადგან სარგებელი უფრო მაღალია.

საბოლოო ჯამში, ჰესებთან დაკავშირებული მითები ხშირად საზოგადოებრივი აღქმის, არასრულად ინფორმირებული კამპანიებისა და კონკრეტული ინტერესების შედეგია. სინამდვილეში, ჰესები დღეს საქართველოსთვის აუცილებელი სტრატეგიული რესურსია.

მნიშვნელოვანია, საზოგადოება დაეფუძნოს ფაქტებს და არა მხოლოდ შიშებს ან დაუსაბუთებელ მითებს. საქართველოში ჰესების განვითარება სწორად გაწონასწორებულ ენერგეტიკულ პოლიტიკასთან ერთად ნიშნავს — მეტ ენერგოდამოუკიდებლობას, ეკონომიკური ზრდასა და მდგრად მომავალს.

ზემოთ აღნიშნული არგუმენტების გასამყარებლად კი შეგვიძლია საერთაშორისო წარმატებული გამოცდილებაც მოვიყვანოთ. მაგალითად, ნორვეგიაში ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 90-95% სწორედ ჰესებზე მოდის. ამასთან, ნორვეგია ენერგიის სუფთა ექსპორტიორიცაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნას აკმაყოფილებს, არამედ ენერგიას უცხოეთშიც ყიდის.  სწორედ ამიტომ, ნორვეგია წარმოადგენს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საყრდენსაც. ახლა კი წარმოიდგინეთ რა იქნებოდა, რომ არ აეთვისებინა ნორვეგიას ჰიდრო პოტენციალია. რა სურათი დადგებოდა როგორც მათთვის, ისე მთლიანად ევროპისთვის. ახლა იგივე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა სურათი დაგვიდგება ჰესების პოტენციალის აუთვისებლობის შემთხვევაში.