თურქი ინვესტორებისა და ბიზნესმენებისთვის საქართველოს საინვესტიციო კლიმატი ხელსაყრელია, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყნის საშემოსავლო და საგადასახადო სისტემების გამართულობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ BMG-სთან საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ოკტაი ოზთურქმა ისაუბრა.
BMG-ის კითხვაზე, რა გავლენა აქვს საქართველოს მიერ ENKA-სთან წაგებულ საარბიტრაჟო დავას თურქი ინვესტორების ქვეყანაში მოზიდვაზე და ხელისუფლების რა როლს ხედავს ამ პროცესში, ოზთურქმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და ინვესტორებისთვის ქვეყანაში ხელსაყრელი გარემოა.
"მთავრობა ინვესტორებს დახმარებას უწევს, მაგრამ მეტი რისი გაკეთება შეუძლიათ? ეხმარებიან, ინვესტორებისთვის დადებითი კლიმატია, ამიტომ მხოლოდ ინვესტორებსა და საზოგადოებას შორის კარგი ურთიერთობის დამყარებაა საჭირო ინვესტიციების გასაგრძელებლად. მთავრობა ლიცენზიას და სამუშაო ნებართვას გასცემს, ინფრასტრუქტურას ამზადებს - სულ ესაა [მათი როლი].
ვფიქრობ, ინვესტირების დაწყებამდე პირველადი სტრატეგია ისაა, რომ ადგილობრივებისგან კონსენსუსი მოიპოვო, რათა [ENKA-ს] მსგავსი პრობლემები აირიდო. დიდ ინვესტიციამდე საზოგადოებასთან ურთიერთობაა საჭირო, რათა არავინ შეაწუხო - ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია. როდესაც იყენებ მათ მიწას, კარგი იქნება, მათგან თანხმობა მიიღო და მხოლოდ შემდეგ გააგრძელო პროექტი. არ მგონია, რომ ENKA-ს რამის გაკეთება შეეძლო, მათი ბრალი არ არის, უბრალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტი არ იყო გამართული. შეიძლებოდა, უკეთეს პოზიციაში ყოფილიყვნენ, მაგრამ ყველა კერძო კომპანიას თავისი პოლიტიკა აქვს", - განაცხადა ოკტაი ოზთურქმა.
საინვესტიციო კლიმატის შეფასებისას, ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სექტორები, რომლებიც თურქი ინვესტორებისთვის ყველაზე ხელსაყრელია, ტურიზმი და ენერგეტიკაა. მისივე თქმით, ამ პროექტების მოსაზიდად მთავრობისგან მეტი ინიციატივაა საჭირო.
"ვფიქრობ, საქართველოში საგადასახადო და საშემოსავლო სისტემები გამორჩეულად კარგია, ნეგატიურად ვერ შევაფასებდი; მაგრამ უფრო დიდი პროექტებისთვის უფრო მეტი სტიმულიც საჭიროა, რაღაც დონის შემდეგ, სტიმულები ლიმიტირებულია და გჭირდება, რომ მთავრობამ უფრო მეტი ძალისხმევა გაიღოს ინვესტორების მოსაზიდად. ამჟამად, ვფიქრობ, ზოგადი ატმოსფერო დადებითია, მიმზიდველიც, მაგრამ მაინც, საინვესტიციოდ ადამიანებს უფრო მეტი ფინანსური ხელსაწყოები სჭირდებათ.
ვხედავ შესანიშნავ პოტენციალს ენერგეტიკისა და ტურიზმის ინდუსტრიებში. თურქი ბიზნესმენებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში დიდი გამოცდილება აქვთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, ლამაზი ქალაქებისთვის, შთამბეჭდავი ბუნებრივი გარემოსთვის - ამ ყველაფერი გათვალისწინებით, სწორედ ამ ინდუსტრიების ათვისება იქნება იდეალური ქართველი და თურქი ბიზნესმენებისთვის... ენერგეტიკის სექტორში ამჟამად უზარმაზარი კომპანიები დებენ ინვესტიციას, მათ შორის ერთ-ერთი Anadolu Energy Group-ია, რომლებმაც უკვე ჩადეს ქვეყანაში $50 მილიონი და კვლავ აპირებენ ამ ინვესტიციის გაფართოებას როგორც ზოგადად სექტორში, ასევე მდგრადი ენერგიის მიმართულებით. სხვა კომპანიებიც არიან, რომლებიც მოკლე ვადაში აპირებენ საქართველოსი ინვესტირებას", - განაცხადა ოკტაი ოზთურქმა.
ცნობისთვის: ENKA-სთან ნამახვანჰესზე საარბიტრაჟო დავის წაგების შესახებ ცნობილი 2024 წლის დეკემბერში გახდა. მაშინ თავად ENKA-ს განცხადების თანახმად, საქართველოს მიერ გადასახდელი კომპენსაციის მოცულობა 383 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა, როგორც ირკვევა, განაჩენი მზარდია, რადგანაც მას საურავიც ერიცხება, რომლის გათვალისწინებითაც ამ დროისთვის გადასახდელი კომპენსაცია უკვე 450 მილიონ დოლარს აღემატება.