NINO SEPO-ს სამკაული ნიუ იორკის სამკაულის კვირეულზე 12 დიზაინერს შორის შეარჩიეს, რომელსაც მთელი კვირეულის განმავლობაში ონლაინ წარადგენენ“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ბრენდის დამფუძნებელმა NINO SEPO-მ განაცხადა. მისი თქმით, ნიუ იორკის სამკაულის კვირეული ნოემბერში გაიმართება და იქ თითქმის ყველა წამყვანი სამკაულის ბრენდი მონაწილეობს.

NINO SEPO-ს სამკაული ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებით იყიდება და ამავე გვერდებზე მიბმულია რამდენიმე საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა - Not just a label, TaTa La, lesgrandscreateurs-ი. სამკაულის ფასი 100-დან 170$-მდე მერყეობს.

NINO SEPO-მ სამკაულის კეთება 2016 წლიდან დაიწყო. სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ის ქალის სამოსზე მუშაობდა. სამკაული თითქოს ამის ერთგვარი გაგრძელება იყო.

„ისე გამოვიდა, რომ მთლიანი ყურადღება და დრო სამკაულზე გადავიტანე. ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებს ლატუნით ვამზადებ და ნამუშევრების ერთ-ერთ მთავარი მოტივი ქალის სახეა“, - აცხადებს დიზაინერი.

NINO SEPO აცხადებს, რომ მათი სამკაულის აშშ-ში და ევროპის ბევრ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის საფრანგეთში და ავსტრიაში. ერთადერთი ქვეყანა, სადაც სამკაულს არ ყიდიან - რუსეთია. ბევრ უცხოურ ონლაინ პლატფორმასთან თანამშრომლობენ, აქვთ როგორც საცალო, ისე საბითუმო შეკვეთები ბაიერებისგან.

„ახალ კოლექციებზე მუდმივად, წელიწადში 2-ჯერ ვმუშაობთ. ვცდილობთ, საერთაშორისო შოურუმებზე ვაჩვენოთ ჩვენი სამკაული. გასულ წელს მონაწილეობა მივიღეთ მილანის სამკაულის კვირეულში, სადაც საიმიჯო ფოტოდ, პოსტერად, ჩვენი ნამუშევრის ფოტო ჰქონდათ გამოყენებული. 2023 წლის შემოდგომაზე Mercedes Benz Fashion Week-ზე წარმოვადგენთ სამკაულს. ნოემბერში კი ნიუ იორკის სამკაულის კვირეულში ვიღებთ მონაწილეობას. ნიუ იორკის სამკაულის კვირეულმა ახალი პროგრამა გააკეთა, შერჩეულ 12 დიზაინერს შორის მოვხვდით, რომელთაც მთელი თავიანთი ივენთების განმავლობაში ონლაინ წარადგენენ“, - აცხადებს NINO SEPO.