უამინდობის ფონზე ნაყინის სეზონი შედარებით გვიან დაიწყო და ბიზნესმაც კონკრეტული ფინანსური შედეგების დათვლა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ნაყინის მწარმოებლების მთავარი მოლოდინი მაინც ცხელ სეზონზეა მიმართული და 2023 წლის ზაფხულში ისინი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკეთეს შედეგებზე გასვლას ვარაუდობენ. 

„ჯეჯელატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი მარიამ უჩანეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე დიდ მოლოდინს ამყარებენ და წლიურად შემოსავლების მინიმუმ 1.5-ჯერ ზრდას ელოდებიან.

„მიმდინარე სეზონი ბევრად უფრო აქტიურად დაიწყო ვიდრე წინა წლის ზაფხული იყო, ეს ჩვენი მომხმარებლების ზრდამ გამოიწვია, ასევე მიმდინარე თვეში გავხსენით კიდევ ერთი ფილიალი, „თბილისი მოლში“, რომელმაც უკვე აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება.

მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით კარგი მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ შემოსავალი 1.5-ჯერ გაიზრდება წინა ზაფხულთან შედარებით, ეს ის მინიმუმია, რისი მოლოდინიც წელს გვაქვს.

გაიზარდა კორპორაციული ღონისძიებების მხრიდან მოთხოვნა, გვიკავშირდება ბევრი კომპანია, რომლებსაც ჩვენთან თანამშრომლობა სურთ. მთელი სეზონის განმავლობაში მრავალი ღონისძიება გვაქვს ჩანიშნული.

2020 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ ფუნქციონირება, საქართველოს ბაზარზე ორ წელზე ცოტა მეტია რაც ვართ წარმოდგენილი, ის პერიოდი დაემთხვა პანდემიას, როდესაც ბევრი კაფე და საწარმო დაიხურა, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ ფუნქციონირება და წელს უკვე მნიშვნელოვანი შედეგებიც გვაქვს“, - ამბობს მარიამ უჩანეიშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად პროდუქციის გაძვირებისა, კომპანია ნაყინის ფასის ზრდას არ გეგმავს.

შპს ჯეჯელატო 2019 წელს არის დაფუძნებული. სანაყინე ჯეჯელატო 4 ფილიალს ფლობს, ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირზე, ასევე „გალერია თბილისში“ და „თბილისი მოლში“. სანაყინე მომხმარებელს იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულ 30-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს.