2023 წლის პირველ კვარტალში, „საქსტატის“ მონაცემებით, ნაყინის მწარმოებელთა ხუთეულში შპს ჯეჯელატომ შპს აისი („გურჯაანის ნაყინი“) ჩაანაცვლა.
„ჯეჯელატოს“ დაფუძნებული და დირექტორი მარიამ უჩანეიშვილი „კომერსანტთან“ კომპანიის წინსვლის მთავარ მიზეზებსა და ნაყინის ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრობს.
„2020 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ ფუნქციონირება, საქართველოს ბაზარზე ორ წელზე ცოტა მეტია, რაც ვართ წარმოდგენილი, ის პერიოდი დაემთხვა პანდემიას, როდესაც ბევრი კაფე და საწარმო დაიხურა, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ ფუნქციონირება და წელს უკვე მნიშვნელოვანი შედეგებიც გვაქვს. თუ შევადარებთ, მაგალითად, გასულ წლის იგივე კვარტალს, დაახლოებით 250%-ით არის გაზრდილი შემოსავლები. ეს განპირობებულია იმით, რომ გაიზარდა ცნობადობა, მომხმარებლების რაოდენობა და ზრდას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ამ პერიოდში გავხსენით ახალი, მესამე ფილიალი - პეკინზე.
შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ჩვენი წინსვლა რეიტინგში დაკავშირებულია პანდემიის დასრულებასთან და ახალი ფილიალის გახსნასთან, ასევე ჩვენი ცნობადობის ამაღლებასთან. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ ნაყინის გარდა ჩვენ ასევე გვაქვს საკონდიტრო ნაწარმი, რაც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რაც შეეხება ზოგადად კონკურენციას, საკმაოდ გაჯერებულია ნაყინის ბაზარი, თუმცა ჩვენ იტალიური ჯელატოს მწარმოებლები ვართ, პროდუქციის უმეტესობაც იტალიიდან შემოგვაქვს და რაც მთავარია უგლუტენო ნაყინს ვაწარმოებთ, შესაბამისად ჩვენი ნიშა გვაქვს და კონკურენტებისგან ამით გამოვირჩევით“, - აღნიშნავს მარიამ უჩანეიშვილი.
შპს ჯეჯელატო 2019 წელს არის დაფუძნებული. სანაყინე ჯეჯელატო 4 ფილიალს ფლობს, ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირზე, ასევე „გალერია თბილისში“ და „თბილისი მოლში“. სანაყინე მომხმარებელს იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულ 30-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს.