რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან (СВР) დაკავშირებულად მიჩნეულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Midnight Blizzard კიბერჯაშუშობის კამპანიაში Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელზე Claude დაფუძნებული აგენტები გამოიყენა და უკრაინის დრონების ინდუსტრიის ტექნოლოგიებზე წვდომა მოიპოვა.

ანგარიშის მიხედვით, კიბერშეტევის სამიზნე მსოფლიოს მასშტაბით 20-ზე მეტი ორგანიზაცია გახდა, მათ შორის სახელმწიფო უწყებები, სამინისტროები, სადაზვერვო და თავდაცვის სტრუქტურები, საელჩოები, კვლევითი ცენტრები და თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები. სამიზნეების უმეტესობა უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებში მდებარეობდა, თუმცა შეტევები აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ორგანიზაციებსაც შეეხო.

ჰაკერების ერთ-ერთი მთავარი ინტერესი სამხედრო ტექნოლოგიები იყო. არსებული ინფორმაციით, მათ დრონების კომპონენტების მწარმოებელი სულ მცირე ორი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა მოიპოვეს და მოიპარეს მონაცემები, მათ შორის დრონების კომპიუტერული ხედვის სისტემისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული ნაკრები (SDK).

ოპერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი Claude-ზე დაფუძნებულმა ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა შეასრულეს. ისინი დამოუკიდებლად აგროვებდნენ ინფორმაციას სამიზნე ორგანიზაციებზე, არეგისტრირებდნენ დომენებს, ამზადებდნენ და აგზავნიდნენ ფიშინგ-წერილებს, აკვირდებოდნენ შეტევების შედეგებს, სისტემებში შეღწევას ცდილობდნენ და მოპარულ მონაცემებს ამუშავებდნენ. ანგარიშის თანახმად, ხელოვნურმა ინტელექტმა ასობით გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაციის ანალიზიც შეძლო.

ადამიანი ოპერატორების ჩართულობა ძირითადად Claude Code-ის შესაძლებლობების კორექტირებითა და საჭიროების შემთხვევაში მათი გაუმჯობესებით შემოიფარგლებოდა.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ კიბერჯაშუშობის მასშტაბი და ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ოპერაციების ხარჯები შეამცირა. მათი შეფასებით, მსგავსი კამპანიის ჩასატარებლად მხოლოდ ერთი წლის წინ რამდენიმე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის მონაწილეობა იქნებოდა საჭირო.

აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებები და ტექნოლოგიური კომპანიები Midnight Blizzard-ს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს უკავშირებენ. დაჯგუფება 2024 წელს Microsoft-ის კორპორაციულ სისტემებზე განხორციელებულ თავდასხმაშიც დაადანაშაულეს, რომლის დროსაც ჰაკერებმა კომპანიის თანამშრომლების ელექტრონული მიმოწერისა და დოკუმენტების ნაწილი მოიპარეს.

2026 წლის აგვისტოში Microsoft-მა კიდევ ერთი თავდასხმის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ Midnight Blizzard-თან დაკავშირებულმა ჯგუფმა Storm-2945 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასტუმროების Wi-Fi ქსელებზე წვდომა მოიპოვა.

კრემლი Midnight Blizzard-ისა და სხვა ჰაკერული დაჯგუფებების რუსეთთან კავშირს უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისთვის „გულწრფელად გაუგებარია“, რატომ უკავშირებენ ნებისმიერ ჰაკერულ ჯგუფს რუსეთს.