მიმდინარე წლის ზაფხულში „ლუკა პოლარე“ საზღვრებს გარეთ გადის და ახალ ფილიალს აზერბაიჯანში გახსნის - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ლუკა პოლარეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანი ციცქიშვილმა უთხრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, აღნიშნული ფილიალი არ იქნება ფრანშიზი და მთლიანად „ლუკა პოლარე“ გააკეთებს.
„მიმდინარე წელს ყველაზე დიდი სიახლე რაც გვაქვს არის ის, რომ ზაფხულში „ლუკა პოლარე“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავა და პირველ ფილიალს გავხსნით აზერბაიჯანში, ინვესტიციისა და სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ,“ - აღნიშნა ანი ციცქიშვილმა.
კომპანიამ მიმდინარე წელს take away ხაზის მიმართულებით ახალი პროდუქტი, გაყინული კრუასანი დაამატა, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს „ლუკა პოლარე“ 15 წლის ხდება და შესაბამისად როგორც მომხმარებლებს, ასევე თანამშრომლებს ბევრი საინტერესო შეთავაზება ელოდებათ.
„ამ სეზონის გეგმების განხორციელება მარტიდან დავიწყეთ, ორი ახალი ფილიალი გავხსენით თბილისში. ახალი ამბავი არის ის, რომ გუშინ ჩავუშვით შეფუთული გაყინული კრუასანი, ანუ Take away ხაზის გაფართოებაზეც ვართ გადართული, გაქვს ინდუსტრიული ნაყინი, რომელიც ორი წლის წინ ჩავუშვით და ამ მიმართულებას დაემატა კრუასანიც. მომხმარებელს შეუძლია, რომ ჩვენთან შეიძინოს გაყინული კრუასანი და სულ რაღაც 20 წუთში სახლში ცხელ-ცხელი კრუასანი ჰქონდეს.“ - აღნიშნა ანი ციცქიშვილმა.
„ლუკა პოლარეს“ წარმომადგენელმა ბაზარზე არსებული კონკურენციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ კომპანიის მომხმარებელთა ტენდენცია პოზიტიური და წლიდან წლამდე მზარდია.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არ ვკარგავთ ხარისხს და წლიდან წლამდე ვცდილობთ გაუმჯობესებას, ასევე ვამატებთ ახალ პროდუქციას, მაგალითად გვაქვს ბიო ნაყინი, რომელიც სხვაგან არსად არ არის, გლუტენისგან თავისუფალი ნაყინი და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებელთან დამოკიდებულება და მათი ჩვენდამი დამოკიდებულება, რომელსაც ვინარჩუნებთ და სწორედ ჩემი მომხმარებლების წყალობით ვართ მოწინავე ადგილზე,“ - აღნიშნა ანი ციცქიშვილმა.
რაც შეეხება „ბასკინ რობინსთან“ კონკურენციას, ციცქიშვილის თქმით, მოლოდინი, რომ ბაზარზე ამხელა გიგანტი შემოვიდოდა, ნამდვილად არსებობდა, თუმცა ეს „ლუკა პოლარეს“ მუშაობაზე არ ასახულა და მომხარებლის ტენდენცია კვლავ მზარდია.
„ლუკა პოლარე“ ამ ეტაპზე საქართველოს ხუთ ქალაქში 23 ფილიალით არის წარმოდგენილი.