საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტიანობის გაზრდა და მისი უფრო სწრაფ, საიმედო და პროგნოზირებად სისტემად ჩამოყალიბებაა.

ამის შესახებ კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, გლობალური ეკონომიკური გარემოს ცვლილებების ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, მიწოდების ჯაჭვების გამძლეობის გაძლიერება და ევროპასა და აზიას შორის სტაბილური კავშირების უზრუნველყოფა.

კობახიძის თქმით, საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ქვეყანას ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოების გრძელვადიანი გეგმა აქვს.

„მსოფლიო ბანკის შეფასებით, შესაბამისი ინვესტიციებისა და ეფექტიანობის ზრდის შემთხვევაში, 2030 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთნაკადები შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო განახევრდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, 2032 წლამდე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის მობილიზებაა დაგეგმილი. მთავრობის ათწლიანი გეგმა, მათ შორის, რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთების გადაზიდვის დროის შემცირებას, ასევე ნავსადგურებისა და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გაზრდას ითვალისწინებს.

პრემიერის განცხადებით, რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებისთვის მიმდინარე წელს მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამასთან, მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობის დაახლოებით 75% უკვე დასრულებულია.

კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც. მისი განცხადებით, მზარდი ტვირთბრუნვის ფონზე საქართველოს საპორტო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია.

პრემიერის განმარტებით, ანაკლიის პორტის განვითარება ე.წ. Landlord Port Model-ის პრინციპით იგეგმება. ამ მოდელის მიხედვით, ძირითადი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შექმნას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებაში კერძო სექტორი ჩაერთვება.

„ეს მიდგომა აბალანსებს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებსა და კერძო სექტორის მონაწილეობას, ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საპორტო ინფრასტრუქტურაზე სამართლიან წვდომას“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, 2026 წელს საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო მიმართულებებში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. საზღვაო სექტორში კი ნავსადგურებში გემების მომსახურების პროცედურების გამარტივებისა და გაციფრულებისთვის „ერთი ფანჯრის“ სისტემა დაინერგა.

პრემიერის შეფასებით, შუა დერეფნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტია სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სისტემების ერთმანეთთან ეფექტიანი დაკავშირება. ამ კონტექსტში მან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაასახელა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობით განხორციელდა და, მისი თქმით, ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.

კობახიძემ ასევე ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, საზღვაო სექტორში პროფესიონალი კადრების მომზადებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე.

მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმმა ხელი უნდა შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, შავი ზღვის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას და შუა დერეფნის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.