„ბასკინ რობინსი“ მიმდინარე წლის ზაფხულში ახალი ფილიალების დამატებას გეგმავს - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბ&რ ჯორჯიას თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ ბაქარაშვილმა უთხრა. მისი თქმით, საქართველოში ჯამურად 26 ფილიალი იქნება. რაც შეეხება მოთხოვნას, ბაქარაშვილი აღნიშნავს, რომ მესამე წელია, რაც „ბასკინ რობინსი“ საქართველოშია და მოთხოვნა კვლავ მზარდია.
„ჩვენი ვარაუდით მიმდინარე წელს, საქართველო 80-90 ტონა ნაყინის იმპორტი იგეგმება, ფასების გაზრდას არ ვაპირებთ, რაც ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებლისთვის კარგი იქნება, ამ სეზონზე მომხმარებელს გემოების ახალ ასორტიმენტსაც შევთავაზებთ.
ჩვენი სანაყინეების მიმართ მომხმარებელთა ინტერესი საკმაოდ მზარდია, „ბასკინ რობინსი“ მესამე წელია, რაც საქართველოშია და შარშანდელთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა 40%-ით არის გაზრდილი, ლოიალობა მოიპოვა და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ 26 სანაყინე ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლისთვის მისაღები იქნება.“ - აღნიშნა ნიკოლოზ ბაქარაშვილმა.
რაც შეეხება ბაზარზე კონკურენციას, ბაქარაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან კარგია, როდესაც ქვეყანაში სანაყინეები ვითარდება და კულტურა ინერგება, რაც შეეხება „ბასკინ რობინსის“ კონკურენტულ უპირატესობას ბაქარაშვილის თქმით, ეს გემოების ფართო ასორტიმენტში და პრემიუმ ხარისხში მდგომარეობს.
„ჩვენ გვიხარია, რომ კონკურენტებიც ვითარდებიან, სანაყინეების კულტურა ინერგება და ეს ჩვენთვის ცუდი არ არის, ჩვენი ნაყინი განსხვავებულია, სხვა სანაყინეები ძირითადად ჟელატოს ტიპის ნაყინს სთავაზობს, ხოლო ჩვენი ნაყინი განსხვავებულია ასორტიმენტის კუთხით და „ბასკინ რობინსი“ ტრადიციულად პრემიული ნაყინია“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბაქარაშვილმა.
„ბასკინ რობინსის“ ნაყინი საქართველოში 26 ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის თბილისში, კაჭრეთის ამბასადორში, ლოპოტაზე, ბათუმში და ქუთაისის აეროპორტში და მიმდინარე წელს ფილიალის გახსნა იგეგმება ზუგდიდშიც.