კურორტ ბახმაროზე, პირველი აუზიანი სასტუმრო ბახმარო კონტინენტი გაიხსნა - ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროს მენეჯერმა გიორგი მგალობლიშვილმა უთხრა, მისი თქმით სასტუმრო 4 სართულიანია, ყველა ოთახს თავისი აბაზანა აქვს, არის როგორც 2 ადგილიანი ასევე 6 ადგილიანი ნომრებიც, სასტუმროში არის აუზი და ზაფხულამდე სატრენაჟორო დარბაზიც შეემატება.
„ჩვენი სასტუმრო პირველია ბახმაროში, რომელსაც აუზი აქვს, ზაფხულისთვის სატრენაჟორო დარბაზიც გვექნება. ბოლო პერიოდში ბახმარო არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც იტვირთება, მეორე წელია აქ ვარ და დაინტერესება მზარდია, ჩვენ ჯერ სტუმრები არ მიგვიღია, მაგრამ უკვე გვიკავშირდებიან და თებერვლიდან მივიღებთ. რაც შეეხება ფასებს, რადგან ახალი სასტუმრო ვართ ფასებზე ორიენტირებული ჯერ არ ვართ, გვინდა რომ მომხმარებელმა გაგვიცნოს. თებერვალში სააქციო ფასი 1 ღამით განთავსება 160 ლარი ეღირება. კვებას რასაც შეუკვეთენ წინასწარ იმას გადაიხდიან. 160 ლარში შედის კეზბორერით ან ბურანით მომსახურებაც, აქამდე ზამთარში მანქანა ვერ ამოვა, ამიტომ ჩვენ დამსვენებლებს დამატებით სერვისსაც ვთავაზობთ,“- აღნიშნა გიორგი მგალობლიშვილმა.
მგალობლიშვილმა, ბახმაროს ზამთრის კურორტად მოწყობის პოტენციალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზამთარში კურორტზე ზუსტად იმიტომ ჩამოდიან უცხოელი ტურისტები, რომ არც სასრიალო ტრასები აქვს კურორტს და არც საბაგიროები და გაუკვალავ თოვლში უწევთ სრიალი.
„მეორე წელია აქ ვარ, სულ ახალ - ახალი ხალი ამოდის, მართალია კურორტამდე ამოსასვლელი გზები მოუწესრიგებელია და მანქანით ამოსვლა შეუძლებელია, თუმცა ალბათ უფრო ასეთი გარემო იზიდავს ამ უცხოელებს. სასრიალოდ მთაზე ბურანებით აგვყავს, ზოგიერთი ფეხითაც ადის და შემდეგ ეშვება, ჩვენ ადგილობრივები ყველანაირად ვუწყობთ ხელს კურორტის პოპულარიზაციას, ასევე ვცდილობთ, რომ დამსვენებლებს ყველანაირად დავეხმაროთ და კომფორტი შევუქმნათ, უცხოელებს ძალიან უყვართ აქაურობა, შარშან ვინც იყო წელსაც ჩამოვიდა და სხვებიც ჩამოიყვანეს.“- აღნიშნა გიორგი მგალობლიშვილმა.
რაც შეეხება ინვესტიციას, მგალობლიშვილი აცხადებს, რომ მეპატრონემ სასტუმროში პირადი ხარჯები ჩადო.