იყო ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი დიალოგი. დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც. ყველა მზადაა, ნებისმიერი ციფრი გაიაროს ინდივიდუალურ და ჯგუფურ რეჟიმშიც, – ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ქაშაკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ფასებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, „თუ არის რესურსი, რის ხარჯზეც შეიძლება, მოხდეს ფასების კლება?“, – სოფიო ქაშაკაშვილის თქმით, ერთი შეხვედრის ფარგლებში აღნიშნული საკითხი ვერ გადაწყდებოდა და გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები დროთა განმავლობაში შემუშავდება.
„ასოციაციის წევრები და არა მარტო, მოგეხსენებათ, სხვა ქსელური მარკეტებიც მონაწილეობდნენ შეხვედრაში, ყველა აბსოლუტურად მზადაა, ნებისმიერი ციფრი გაიაროს უკვე ინდივიდუალურ რეჟიმშიც, ჯგუფურ რეჟიმშიც. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება. რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ ვიმუშავებთ და შემდეგ გაირკვევა, ზუსტად საიდან მოდის ეს ყველაფერი, რატომ არის რაღაც ციფრი უფრო მაღალი ან უფრო დაბალი და ა.შ. დღეს იყო მხოლოდ პირველი შეხვედრა და არაფერი კონკრეტული არ გამოკვეთილა.
საერთოდ არ ყოფილა დამტკიცების რეჟიმში საუბარი. იყო ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი დიალოგი. დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც და საკმაოდ გრძელი პროცესი არის. ერთი შეხვედრის ფარგლებში ეს ვერ გადაწყდებოდა. არაერთხელ გვისაუბრია ისეთ გამოწვევებზე, რაც საბოლოოდ სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე.
დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფოც თავისი მხრიდან მზად არის, ამაში მონაწილეობა მიიღოს. გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში, თუმცა პირველივე შეხვედრაზე გამიჭირდება, კონკრეტული ვთქვა. რაც შეეხება რითეილერებს, ყველანაირი მონაცემები აბსოლუტურად საჯაროა. ატვირთულია რეპორტალზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს. ჩვენ ყველანაირი სეგმენტის სუპერმარკეტები გვყავს, დაწყებული დისკაუნტერით, დამთავრებული პრემიუმ კლასის პროდუქციით, ვინც ვაჭრობს და შესაბამისად, კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. არის საჯარო ინფორმაცია, ასევე იკვლევს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია, მათ შორის „თბს კაპიტალი“, „გალტ ენდ თაგარტი“ და პერიოდულად ეს კვლევები იდება“, – განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.
ქაშაკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი სამუშაო პროცესი აჩვენებს, ბუნებრივია თუ არა ფასნამატი.
„დაგვანახებს შემდგომი სამუშაო პროცესი. პრემიერის ინიციატივა ძალიან მისასალმებელია იმ კუთხით, რომ, როგორც მომხმარებელი, ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს საკუთარ თავზე და, რა თქმა უნდა, რაღაც შესაძლებლობა თუ გამოჩნდება და ფანჯარა იქნება, რაც დაარეგულირებს ამ მიმართულებას, ჩვენც, რითეილ სექტორი მივესალმებით. არის სხვადასხვა მექანიზმი – საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო სისტემის შეღავათები. მოგეხსენებათ, საკმაოდ მაღალი გადასახადები საბანკოსი, ვგულისხმობ ბარათით ტერმინალზე გადახდისას. FMSG სექტორი საქართველოში ჯერჯერობით ვითარდება და განვითარების ეტაპზეა. ევროპას როცა ვედრები, ისინი 10 და 15 წლით წინ არიან ჩვენზე. წარმოებაც ადგილობრივი აქვთ და ა.შ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. კონკურენცია ძალიან მაღალია, სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონული ექსპანსია აქვს, შესაბამისად, ყველაფერს სჭირდება დრო და შესაბამისი სამუშაოები. შეხვედრების შემდეგ გამოვლინდება, როგორი იყო ციფრები – რეალისტური, თუ არარეალისტური“, – განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.