„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვები 40%-ით გაიზარდა“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ მულტიბრენდულ აუთლეტ მაღაზიათა ქსელის „ნავნეს“ მარკეტინგის მენეჯერმა ანა ზოიძემ უთხრა. მისივე თქმით, „ნავნეს“ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და გაყიდვების პროცენტულ ზრდასთან ერთად იზრდება ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაც, რაც ზოიძის თქმით „ნავნეს“ მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხს ზრდის.
„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს, წლის ბოლოსთვისაც ანალოგიური მოლოდინებია. „ნავნე“ ყოველთვის გამოირჩევა სიახლეებით და რა თქმა უნდა, წელსაც არ იქნება გამონაკლისი. ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით ლოიალურ მომხმარებლებს, თუ რა ინტერესები აქვთ მათ, რა მოსწონთ, ან რა სიახლეს ისურვებდნენ. აქედან გამომდინარე, ვნერგავთ სიახლეებს და „ნავნეს“ სტანდარტებიც გაყიდვებთან ერთად ყოველწლიურად იზრდება.
„ნავნეს“ მაღაზიათა ქსელში ასზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენს მომხმარებლებს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, 50%-ზე მეტი ფასდაკლებით, ვთავაზობთ მაღალბიუჯეტური ბრენდების ორიგინალ კოლექციას. ტანსაცმელთან ერთად „ნავნეში“ კოსმეტიკა, ფეხსაცმელი, აქსესუარები, საოჯახო ქიმია იყიდება. ტანსაცმელს, რაც შეეხება ჩვენს ქსელში არსებული ბრენდებიდან მომხმარებლებისთვის გამორჩეულია: Lulu Lemon, J. Crew, Massimo Dutti, Burberry, DIESEL, NA-KD და ასე შემდეგ,“ - აღნიშნა ანა ზოიძემ.
ზოიძემ სხვა აუთლეტებთან შედარებით „ნავნეს“ კონკურენტულ უპირატესობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია შეიძინონ.
„სხვადასხვა კატეგორიაში ვგულისხმობთ, როგორც პროდუქციის მრავალფეროვნებას, ასევე, ფასებს, რადგან ჩვენთან წარმოდგენილია, როგორც დაბალბიუჯეტური, ასევე მაღალბიუჯეტური ბრენდები, რითაც ვაკმაყოფილებთ ყველა სეგმენტის მოთხოვნას.
„ნავნეს“ დიდი პლუსი ლოიალური მომხმარებლები არიან. სწორედ მათი წყალობით ვიზრდებით, ვფართოვდებით და ვაუმჯობესებთ სერვისს. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ჩვენს მაღაზიებში ვიზიტი მეტად სასიამოვნო და მოგებიანი გავხადოთ ყოველდღიურად ვცდილობთ, სერვისის გაუმჯობესებას, სასიამოვნო გარემოს შექმნას. სწორედ ამ მიდგომით, ჩვენი ლოიალური მომხმარებლების რიცხვი მუდმივად იზრდება.“- აღნიშნა ანა ზოიძემ.
„ნავნეს“ ამჟამად 21 მაღაზია აქვს, აქედან 14 თბილისშია. დედაქალაქთან ერთად „ნავნეს“ მაღაზიები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, რუსთავსა და თელავშია წარმოდგენილი.
„როდესაც, ახალი ფილიალისთვის ადგილმდებარეობას ვარჩევთ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესებს. ვცდილობთ, მათთვის მარტივად მისადგომი ადგილის შერჩევას. დატვირთულობას რაც შეეხება, თითქმის ყველა ფილიალში თანაბრად გვყავს მომხმარებელი, თუმცა ზოგიერთი ფილიალის სიდიდიდან გამომდინარე, (მაგალითად: სანდრო ეულის 7ა, აღმაშენელის ხეივნის 39, მირიან მეფის 68ა) მათ ბევრად მეტი მომხმარებელი სტუმრობს.“ - აღნიშნა ანა ზოიძემ.
რაც შეეხება სიახლეებს და სამომავლო გეგმებს, ანა ზოიძე ამბობს, რომ „ნავნეს“ ახალი ფილიალი ზუგდიდის მოლში გაიხსნება.
გარდა ამისა „ნავნეს“ მარკეტინგის მენეჯერის თქმით, მომხმარებელს ბევრი სხვა სიახლეც ელოდება, რომელსაც „ნავნეს“ წარმომადგენლები ჯერჯერობით არ ამხელენ.
ზოიძემ „კომერსანტთან“კადრების დეფიციტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ზოგადად შრომის ბაზარზე მძიმე მდგომარეობაა და კადრების დეფიციტი ყველა კომპანიის გამოწვევაა
„ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ჩაერთოს ყველა გამოწვევაში და შესაბამისად უპასუხოს მათ. მუდმივად თვალს ვადევნებთ, რომ არ ჩამოვრჩეთ ბაზარზე არსებულ სახელფასო განაკვეთებს. გვაქვს კარგი საბონუსე სისტემა, სხვადასხვა წამახალისებელი შეჯიბრებები, მაქსიმალურად მოქნილი სამუშაო გრაფიკები. რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ: არის სამუშაო გარემო, მეგობრული ურთიერთობები და კარიერული განვითარების, დაწინაურების უდიდესი შესაძლებლობა. ამ მიდგომით „ნავნეს“ გუნდი ყოველდღიურად იზრდება და ვინარჩუნებთ სტაბილურ კადრებს, რომლებიც უკვე წლებია ჩვენთან თანამშრომლობენ,“ - აღნიშნა ანა ზოიძემ.