ქართულ და რუმინულ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებამ, კონტეინერების გადაზიდვის პროცესი კიდევ უფრო გაააქტიურა და გამტარუნარიანობა გაზარდა, - ასეთია გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლების შეფასებები.
ისინი საბორნე მიმოსვლის ეკონომიკურ სარგებელზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ერთადერთი საზღვარი, რომელიც ევროპასთან გვაქვს, სწორედ ლურჯი საზღვარია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, შავ ზღვის მაქსიმალური ათვისება, მათ შორის ბორნების დამატება აღნიშნულ ხაზზე.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ E60 Shipping Line-ის მმართველმა პარტნიორმა შალვა წაქაძემ განუცხადა, საქართველო-რუმინეთის საბორნე ხაზი დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. მეტიც, არის შემთხვევები, როცა გაზრდილი მოთხოვნას ბოლომდე ვერც აკმაყოფილებს და გარკვეული სატვირთო მანქანები ადგილზე რჩება.