ფოთი-კონსტანცა, კონსტანცა-ფოთის მიმართულებებზე საბორნე რეისებით ტვირთების გადაზიდვა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც „კომერსანტს“ კომპანია E60 SHIPPING LINE-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, 27 ივნისიდან დღემდე აღნიშნულ მარშრუტებზე 24 რეისია შესრულებული.
ტვირთების გადაზიდვა კომპანია ITMC-სთან პარტნიორობით მიმდინარეობს. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ჯაფარიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ამ დროისთვის ამ მიმართულებებზე კვირაში 2 რეისი სრულდება და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„რეისები 27 ივნისის შემდეგ ხორციელდება და კვრის განმავლობაში თითო მიმართულებიდან თითო რეისი სრულდება, ყოველ სამშაბათს - ფოთიდან, ხოლო ყოველ პარასკევს - კონსტანცადან. რაც დრო გადის, რეისების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს.
ჩვენი ძირითადი კლიენტები სატრანსპორტო კომპანიები არიან, რომლებიც უშუალოდ ფლობენ ტრაილერებს. ხდება ნებისმიერი ტიპის ტვირთის ტრანსპორტირება, რომელიც ტრაილერებშია ხოლმე განთავსებული, ასევე ტრაილერებიც, მაცივრებიც, არაგაბარიტული ტვირთებიც. ამავდროულად, შესაძლებელია კონტეინერების გადაზიდვაც“, - აღნიშნა გიორგი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ფოთი-კონსტანცას საბორნე რეისები რუმინეთთან პირდაპირი საზღვაო კავშირის პირველი შესაძლებლობაა.
„მანამდე ევროპაში მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით და ბათუმიდან ბულგარეთში და საბორნე რეისებით. რაც შეეხება თურქეთის გავლით რეისებს, ბევრ რისკს შეიცავს, მეტი დრო სჭირდება ჩასვლას. ბათუმიდან ბულგარეთში ბორნებით ტვირთების გადაზიდვაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, რის გამოც კლიენტებს რიგში დგომა უწევდათ. ახლა კი, როცა გამოჩნდა ალტერნატივა, ამ რეისით დაინტერესებამ ძალიან იმატა. ამ ფოთი-კონსტანცას რეისით რუმინეთში ჩასვლა უკვე საშუალოდ 42-იდან 48 საათამდე მონაკვეთშია შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.