ქართული კომპანია E60 Shipping Line 27 ივნისიდან რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, საბორნე მიმოსვლას იწყებს. კონსტანცასა და ფოთის ნავსადგურებს კომპანიის სწრაფმავალი ბორანი “Vilnius”-ი დააკავშირებს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ ვინ არიან E60 Shipping Line-ის მეწილეები.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს საზღვაო ხაზი ე60 (E60 Shipping Line) დაფუძნდა 2022 წლის 2 დეკემბერს. შპს-ს იურიდიული მისამართი სოფელი დიღომია, იან ჰომერის ქუჩა #27.
კომპანიის დირექტორი შალვა წაქაძეა. მესაკუთრეთა წილები კი შემდეგნაირად ნაწილდება:
20% შალვა წაქაძე
56% შპს ინექს გრუპი
5% ნატო ჯაფარიძე
16% მალხაზ ჯაჯანიძე
3% იგორ ტრემბაჩი
რაც შეეხება შალვა წაქაძეს, საჯარო რეესტრის მიხედვით შალვა წაქაძე არის თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. შპს რუსული რესტორნის დირექტორი, შპს ბლექ სი პროდაქტის დირექტორი, შპს ნუმუსის დირექტორი და 100%-ის მფლობელი. შპს ნიუ სილქ ვეის დირექტორი. შპს ნუმუს სერვისის დირექტორი და 50%-ის მფლობელი (50%-ს შპს ამბიტ ფლობს, რომელიც თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია დარეგისტრირებული ), შპს სარდაფის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი.
ასევე შპს თბილისი მოლის დირექტორი, რომელსაც ელექტრონული მისამართი info@dezertirebi.ge აქვს, მეწილეებს შორის კი არიან კონსტანტინე ნატროშვილი 20%, ხვიჩა მაქაცარია, 26% ილონა მეტრეველი, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 10%. წილებით შეზღუდული კერძო კომპანია ჰოლდექს ინტერსეილს კორპ. /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) 44%.
შალვა წაქაძე ასევე არის შპს აგროჰოლდინგ 4 სიზენს-ის დირექტორი, აღნიშნული შპს- ს თითქმის 99%-ს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები ფლობენ.
რაც შეეხება 56%-ის მფლობელ შპს ინექს გრუპს - მისი დირექტორი გიორგი კაპანაძეა. შპს-ს15%-ს ქეთევან ქართველიშვილი ფლობს, 85%-ს კი შპს გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი (გენერალური დირექტორი გიორგი სურგულაძე, 100%-ის მფლობელი საბერძნეთის მოქალაქე ლია ასლანიდი )