მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის ბევრი მიმართულებით ხელშეწყობა სჭირდება. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას კერძო სექტორი და რა არის საჭირო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის? საკითხზე ჩვენ ,,ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის ლექტორს ცოტნე იაშვილს ვესაუბრეთ. მარკეტინგის მაგისტრი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ასახელებს.
,,ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელმისაწვდომობა ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში, რადგან კაპიტალის ბაზარი არ არის განვითარებული და მხოლოდ რამდენიმე წყაროა იმისა, რომ ბიზნესებმა ფინანსები მოიზიდონ. ეს არის ბანკი. წესით, დასავლეთში საპენსიო ფონდი არის ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუცია, სადაც შეიძლება მივიდეს ბიზნესმენი და დაფინანსდეს. საჭიროა სხვადასხვა საინვესტიციო ფონდების არსებობა. ეს შეიძლება იყოს სადაზღვევო ორგანიზაციები, რომლებიც აბანდებენ ფულს საინტერესო ბიზნეს წინადადებებში. ჩვენს ქვეყანაში ბანკია და კიდევ კერძო ინვესტორები, რომლებიც უშუალოდ, პიროვნულად იქნებიან დაინტერესებული, რომ ბიზნესი დააფინანსონ.’’- აცხადებს ცოტნე იაშვილი.
ბიზნეს სკოლის ლექტორი გამოწვევებს შორის გარე შოკებს ასახელებს, რომლებიც პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ამ კონტექსტში ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს რუსეთ-უკრაინის ომზე, რომელმაც რეგიონის ტურისტული პოტენციალი დააზარალა.
,,გარე შოკები უკავშირდება პოლიტიკურ მდგომარეობას. რუსეთ-უკრაინის ომი მოიაზრება გარე შოკებში. ეს გარკვეულ წილად დიდ პრობლემას ქმნის რეგიონში, რადგან ეს ძალიან მძლავრი მესიჯია ტურისტებისთვის, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ ამ რეგიონში. მართალია რეგიონში არაფერი მსგავსი არ ხდება, თუმცა გარკვეულწილად ეს ახდენს გავლენას და ტურიზმის ინდუსტრია ძალიან შეაფერხა.’’- განმარტავს ცოტნე იაშვილი.
ექსპერტი უმთავრეს გამოწვევად კვალიფიციური კადრებისა და ცოდნის დეფიციტს ასახელებს. ცოტნე იაშვილი განმარტავს, რომ კერძო ბიზნესის დღის წესრიგში კადრების გადინების პრობლემა წლებია დგას, თუმცა მისი მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
,,კვალიფიციური კადრების მიმართულებით რთულ მდგომარეობაშია კერძო ბიზნესი. ფინანსური მდგომარეობის გამო მათ არ აქვთ იმისი საშუალება, რომ თავიანთი ძალებით შეძლონ სწავლებისა და ტრენინგების ჩატარება და სასწავლებლების, სკოლების დაფინანსება. თუ დიდია ორგანიზაცია მის შიგნით პატარა დეპარტამენტი შეიძლება ამას არ ეყოს. დიდ ორგანიზაციებში ხშირია კადრების გადინება და მას მუდმივად სჭირდება შევსება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა კერძო ბიზნესებისთვის.’’- აცხადებს ცოტნე იაშვილი.
გამოწვევებს შორის არის ბაზარზე შეღწევადობაც. ცოტნე იაშვილი განმარტავს, რომ დღეს სხვადასხვა სექტორში ბაზრები მონოპოლიურია, რაც ახალ ბიზნესებს თავის დამკვიდრებისა და განვითარების შესაძლებლობას ართმევს.
,,ძალიან რთულია ახალი ჩამოყალიბებული ბიზნესებისთვის ბაზარზე შეღწევადობა, რადგან არის მთელი რიგი ისეთი ბიზნესების ჩამონათვალი და ნუსხა, რომელიც არის მონოპოლიური. თუ ვინმეს მოუნდება მაგალითად, ნავთობის ბიზნესში მონაწილეობა და ახალი კომპანიის შემოყვანა რთულია. რამდენიმე კომპანია - გალფი, ვისოლი, სოკარი, რომპეტროლი იყოფს საქართველოს ბაზარს. მონოპოლიური დარგია ასევე სატელეკომუნიკაციო სერვისები. მაგთი, სილქნეტი და ბილაინი იყოფენ ამ ბაზარს და უკვე შეუძლებელია სხვა შემოვიდეს. საბანკო სისტემასაც დავასახელებ. მთელი საბანკო სისტემის 75% ეკუთვნის 2 ბანკს - თიბისისა და საქართველოს ბანკს. პრობლემა არის კერძო ბიზნესებისთვის შემოსვლა ბაზარზე.’’- აცხადებს ცოტნე იაშვილი.
ჩვენი რესპონდენტი კვალიფიციური კადრების დეფიციტის მოგვარებაში კერძო და სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების როლზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ პროფესიული სასწავლებლები კერძო სექტორს ვერ სთავაზობენ კვალიფიციურ კადრებს, რადგან მათი უმეტესი ნაწილი მოძველებული მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ასწავლის, რის გამოც ბიზნესებს კადრების გადამზადება თავად უწევთ. ცოტნე იაშვილი სახელმწიფოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ სახელმწიფომ პროფესიული სასწავლებლებისა და კერძო სექტორის ერთიანი მუშაობა უნდა უზრუნველყოს, რათა ბაზარზე ის კადრები გაჩნდნენ, რომლებსაც ბიზნესი ითხოვს.
,,პრობლემა არის ისიც, რომ არსებული პროფესიული სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ ბიზნესის მოთხოვნებს, რადგან პროფესიულ სასწავლებლებს აქვთ თავისი ხედვა, რაც ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა კერძო სექტორის მოთხოვნებს. ასე, რომ მათ მიერ გადამზადებული კადრი ხელახლა გადასამზადებელი არის იმ კერძო კომპანიების მიერ, ვისაც მიჰყავს ისინი. ამაზე სახელმწიფო უნდა მუშაობდეს, რათა მოხდეს კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ერთად მუშაობა და დიალოგის გამართვა, რათა კერძო სექტორმა პირდაპირ მიუთითოს და უთხრას პროფესიულ სასწავლებელს, რომ გამიზარდე კვალიფიციური კადრი, რომელსაც ეცოდინება ეს, ეს, ეს. მათ არ სჭირდებათ ძველი პროგრამებით გადამზადებული კადრი. აქ სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი. ეს ეხება როგორც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ პროფესიულ სასწავლებლებს, ასევე კერძო სასწავლებლებსაც, თუმცა კერძო ცოტა უკეთესად არის ამ მხრივ, რადგან ესეც ბიზნესია. თუ მათ არ შექმნეს ისეთი სასწავლო გარემო და არ აღჭურვეს სასწავლებელი თანამედროვე ლაბორატორიებით, თუ არ მოიზიდეს უახლესი პროგრამები და თუ არ შემოიყვანეს უცხოელი ექსპერტები, არ შექმნეს ბაზრის მიერ მოთხოვნილი პროფესიები, მაშინ ისინი უბრალოდ ამ ბიზნესში ვერ იარსებებენ. ამიტომ კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ამ მიმართულებით ცოტა უკეთესი მდგომარეობაა.’’- აცხადებს ცოტნე იაშვილი.
,,ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის ლექტორი გამოწვევებისა და პრობლემების მიუხედავად ამბობს, რომ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარების პერსპექტივები აქვთ. ცოტნე იაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. ის მოიცავს როგორც დაფინანსებას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებსაც. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამები, როგორიც არის ,,აწარმოე საქართველოში'' და ,,ერთიანი აგრო პროექტი" ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მეწარმეობის განვითარებას.