სვანეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ჰეშკილის ქოხებში“ ზაფხულის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. ერთადერთი ფაქტორი, რამაც დამსვენებლების ნაკადის მიღებას მაისში ხელი შეუშალა, ამინდი იყო.
„თითქმის იგივე ტემპით მიდის წლევანდელი სეზონი, როგორც შარშან, წელს შედარებით გვიან დათბა და ამან ცოტა დაგვიგვიანა სეზონის დაძვრა. დღითი დღე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა.“ - აცხადებს „კომერსანტთან“ სასტუმროს „ჰეშკილის ქოხების“ თანადამფუძნებელი დავით ფილფანი. მისივე თქმით, „ქოხებს“ ძირითადად ქართველი დამსვენებლები სტუმრობენ, თუმცა ასევე ჰყავთ ვიზიტორები ევროპისა და სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნებიდანაც.
როგორც რეგიონის სხვა ტურისტულ ობიექტებში, „ჰეშკილის ქოხებიც“ კადრების დეფიციტზე საუბრობს.
„ზოგადად ჩვენს რეგიონში საკმაოდ პრობლემატურია ეს საკითხი, ჩვენც ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას და ძალიან დიდი დრო და ენერგია გვეხარჯება სათანადო კადრების მოძიებაში. ყველაზე რთული მდგომარეობაა კვების სეგმენტში, მზარეულის ან მზარეულის დამხმარის პოზიციაზე, ასევე მრეცხავზე, დამლაგებელსა და შეიძლება ითქვას თითქმის ყველა პოზიციაზე.“ - აღნიშნავს ფილფანი.
რაც შეეხება შავი ზღვის დაბინძურების შესახებ გავრცელებულ ხმებს, სვანეთში არ ელოდებიან, რომ ამ ფაქტორის გამო მთაში ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.
„ვიქრობთ, ეს ფაქტი დიდად არ იქონიებს გავლენას ტურისტების რაოდენობის მატებაზე ჩვენთან. თან როგორც სპეციალისტებისგან მოვისმინეთ შავი ზღვისპირეთს კონკრეტული ნაკადები არ ეხება და ძალიან მცირეა შანსი ჩვენი სანაპიროს დაბინძურების. ვიმედოვნებთ ყველაფერი კარგად იქნება როგორც მთაში, ასევე ზღვაზეც და არ აჰყვება ხალხი პანიკას.“ - აცხადებენ „ჰეშკილის ქოხებში.“
სიახლეებზე საუბრისას დავით ფილფანი ამბობს, რომ „ჰეშკილის ქოხები“ დამსვენებლებს წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. საოჯახო ტიპის, მრავალადგილიანი სახლებით, სადაც დროის უფრო ხანგრძლივად და კომფორტულად გატარებისთვის მეტი შესაძლებლობაა. სასტუმროს აქცენტი ექსტრემალურ, ეკო ტურიზმზე აქვს.
საოჯახო სასტუმრო „ჰეშკილის ქოხები“ სვანეთში, სოფელ ჰეშკილში მდებარეობს. დასასვენებელი კომპლექსი ამ დროისთვის 13 კოტეჯს მოიცავს და ერთდროულად 40-მდე სტუმრის მიღება შეუძლია.