„ქართველი დამსვენებელი მხოლოდ ერთი გვყავს, უმრავლესობა- 90% ჯავშნებს აუქმებს“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას სასტუმრო „ჯინა შეკვეთილის“ მფლობელი გიორგი კაპანაძე აცხადებს. მისი თქმით, ქართველი დამსვენებლები ჯავშნების გაუქმების მიზეზად კახოვკის ჰესის აფეთქების გამო წყლის დაბინძურებას ასახელებენ. 

„წლის ამ პერიოდში საერთოდ ქართველი დამსვენებელი ნაკლებადაა, მაგრამ წელს კიდევ უფრო ცოტაა, თითქმის ყველამ გააუქმა ჯავშანი, ძალიან შეშინებულები არიან. მიზეზად კახოვკის ჰესის აფეთქების გამო წყლის დაბინძურებას ასახელებენ“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

გიორგი გვიყვება, რომ რამდენიმე დღის წინ, სანაპიროს და ზღვის ვიდეო განათავსა სოციალურ ქსელში, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

„ზოგადად ხალხს ინფორმაცია ჭორის დონეზე აქვს. რამდენიმე დღის წინ გავედი სანაპიროზე და გადავიღე ვიდეო, ვაჩვენე, რომ წყალი სუფთაა და ხალხი სიგიჟეებს აკომენტარებდა, ოდესაში გადაღებულ ვიდეოს დებდნენ და წერდნენ, რომ ამ ვიდეოს დადების მიზანი ისაა, რომ სასტუმროს სეზონის ჩავარდნის ეშინია. ოფიციალური ინფორმაციით სუფთაა შავი ზღვა. ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყლის მონიტორინგი ყოველ 10 დღეში ერთხელ განხორციელდება“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

გიორგი კაპანაძის თქმით „ჯინა შეკვეთილის“ დამსვენებლები ამ ეტაპზე ძირითადად უცხოელები არიან.

„უმეტესობა რუსი, ბელარუსი და უკრაინელები არიან. გვყავს დამსვენებლები ევროპიდან - პოლონეთიდან და გერმანიიდანაც,“ - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

სასტუმრო „ჯინა შეკვეთილი“ 2018 წელს კერძო ინვესტიციით გაიხსნა და მეექვსე სეზონია ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე მუშაობს. მიმდინარე სეზონზე, სასტუმროს ეზოში კიდევ 3 აპარტამენტი ამუშავდება 2-2 საძინებლითა და ეზოთი. რაც შეეხება ფასებს, გიორგი კაპანაძე აცხადებს, შარშანდელთან შედარებით ფასების 15-20%-ით გაზრდა მოუწიათ.

„ფასები სეზონის და ნომრის მიხედვითაა, ივნისის ბოლოდან 2-ადგილიანი ნომრის ფასი საუზმით 135 ლარია, მერე იმატებს 185 ლარამდე და მერე ისევ იკლებს. წინა წლებთან შედარებით, ფასების გაძვირება მოგვიწია. ხელფასები გავზარდეთ დაახლოებით 20%-ით და ნომრების ფასი - 15-20%-ით, მაგრამ ძველი კლიენტებისთვის ფასდაკლებები გვაქვს“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.