კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ  აქტუალური  გახდა შავი ზღვის უსაფრთხოების თემა,  მოსახლეობის  ნაწილი  წელს  შავიზღვისპირეთში დასვენებისგან თავს იკავებს, ექსპერტების განცხადებების მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე  შავი ზღვა საშიშ  ზონას არ განეკუთვნება, სასტუმროებს ჯავშნები მაინც უუქმდებათ.

როგორც დაბა ურეკში მდებარე სასტუმრო „ლოტუსის“ მენეჯერი ნინო გურული აღნიშნავს, ჯავშნების დიდი წილი გაუქმდა, რადგან დამსვენებლებს ზღვის დაბინძურების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის  გამო ეშინიათ.

„ზღვასთან დაკავშირებით ძალიან რთული სიტუაციაა, ჯავშნები გამიუქმდა, ძირითადად ქართველები აუქმებენ  ჯავშნებს, უცხოელების მხრიდან პრობლემა  არ შემქმნია, ძირითად მიზეზად ზღვის დაბინძურებას ასახელებენ,  ძალიან შეშინებულები არიან,  ინტერნეტშიც ისეთი  ვიდეოები და ფოტოები ვრცელდება, რომ ესეც ახდენს გავლენას“ - აღნიშნა ნინო გურულმა.

განსხვავებულ სურათს ხატავენ ურეკში მდებარე  სასტუმრო „ოქროს საწმისში“, როგორც  სასტუმროში განგვიცხადეს,  დაინტერესება  მაღალია და 1 ივლისიდან სასტუმროს  100%-ით დატვირთვას ელიან.

ბათუმში მდებარე სასტუმრო „წერეთელი პალასის“ მეპატრონემ თამაზ  წერეთელმა  გვითხრა, რომ  რა მოლოდინიც მიმდინარე წელს  ჰქონდათ,  არ  გამართლდა და წინა წელთან  შედარებით  დატვირთულობა  50%-ზე მეტით არის  შემცირებული.

„რა  მოლოდინებსაც ვამყარებდით ნამდვილად არ გამართლდა, დატვირთულობა მხოლოდ 20-25% ია, წინასწარი  ჯავშნები თითქმის  არ  გვაქვს, ალბათ რაღაც შიშის  ფაქტორია და სტუმრები თავს  უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ“ - აღნიშნა თამაზ წერეთელმა.

ქობულეთში მდებარე  საოჯახო სასტუმრო „გიოში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არც ჯავშნები მიუღიათ და არც დამსვენებელი ჰყავთ, მათივე თქმით ქობულეთი უფრო აგვისტოზე არის დამოკიდებული, შესაბამისად  დამსვენებელთა ზრდას აგვისტოში ელიან.