კახეთში მდებარე სასტუმრო ზუზუმბო რეზორტი და სპა-ში ზაფხულის სეზონი უკვე აქტიურად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს. როგორც ზუზუმბოში ამბობენ, წინა წლის იგივე პერიოდთად შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 20-30%-ით არის გაზრდილი. ასევე წინასწარი ჯავშნები თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში უკვე გაკეთებულია.

„საკმაოდ მაღალი დატვირთულობა გვაქვს. შაბათი დღე კი დაახლოებით 1-1,5 თვით ადრე უკვე სრულად დატვირთულია. ამ ეტაპზე ზაფხულის ძირითადი ჯავშნები მიღებულია და გადასული ვართ შემოდგომა-ზამთრის რეზერვაციებზე.“- განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ალექსი ფარადაშვილმა.

მისივე თქმით,  დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივია,  ასევე სასტუმრო ხშირად მასპინძლობს ღონისძიებებს, სკოლის დამამთავრებელი ბანკეტებსა და ბიზნეს-შეხვედრებს.

„სეზონი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ. მაისი-ივნისის თვეში ვუმასპინძლეთ ძალიან ბევრ სკოლის დამამთავრებელ ბანკეტებს. ამის გარდა დიდი მოთხოვნაა ტრენინგების, თიმბილდინგებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარებაზე. ამასთან ერთად, ხშირად გვსტუმრობენ ადგილობრივი დამსვენებლებიც.“ - განაცხადა მან.

„კომერსანტი“ ასევე დაინტერესდა, არის თუ არა ზუზუმბოში რეგიონის სხვა ტურისტული ობიექტების მსგავსად კადრების დეფიციტი.

„ ისევე როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც საკმაოდ სენსიტიური თემაა კადრების საკითხი. ნამდვილად განვიცდით ნაკლებობას, რადგან ახალგაზრდები რეგიონში ნაკლებად რჩებიან და გადადიან დედაქალაქში, რის გამოც რეგიონში ადამიანურ რესურსებში შეფერხება გვაქვს და რიგ შემთხვევაში გვიწევს თბილისიდან ჩამოყვანა.“ - განაცხადა ალექსი ფარადაშვილმა

სასტუმროს გენერალური მენეჯერის თქმით, განსაკუთრებული დეფიციტი შუა რგოლის მენეჯერების პოზიციებზეა.

სასტუმრო კომპლექსი ზუზუმბო რეზორტი და სპა  66 ნომერს მოიცავს, რომლებიც გადანაწილებულია მთავარ შენობასა და კოტეჯებში. კოტეჯებში სასტუმრო ნომრები ინდივიდუალური და ერთმანეთთან იზოლირებულია. 2023 წელს ზუზუმბოში ცვლილებებს ძირითადად მენიუსა და სასმელებში გეგმავენ, მენეჯმენტში ამბობენ, რომ სტუმრებს უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ. სასტუმრო კომპლექსს წლის განმავლობაში საშუალოდ 30 000 ვიზიტორი ჰყავს.