აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსული VTB Bank ირანთან დაკავშირებული სანქციების რეჟიმში შეიყვანა და ბანკი ირანის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში დახმარებაში დაადანაშაულა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, VTB Bank-მა ირანში საბანკო საქმიანობის გაფართოება დაიწყო, მათ შორის, დაამყარა ურთიერთობები სანქცირებულ ირანულ ბანკებთან. უწყების განცხადებით, ბანკი ასევე მონაწილეობდა გაყინული ირანული აქტივების გადაადგილების მექანიზმების შექმნაში და ირანულ რიალსა და რუსულ რუბლში ანგარიშსწორების სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ფინანსური კავშირების გაძლიერებას ემსახურებოდა.

OFAC-ის გადაწყვეტილებით, VTB-ის აშშ-ში არსებული ან ამერიკელი პირების კონტროლქვეშ მყოფი ყველა აქტივი და ქონებრივი ინტერესი იბლოკება. ასევე იზღუდება აშშ-ის პირების ან აშშ-ის ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ბანკის დაბლოკილ ქონებას უკავშირდება, თუ ასეთი ოპერაცია სპეციალურად არ არის ნებადართული.

VTB Bank-ს აშშ-ის მხრიდან სანქციები პირველად არ დაუწესებია. ბანკი 2014 წლის ივლისიდან ექვემდებარებოდა სექტორულ სანქციებს (SSI — Sectoral Sanctions Identifications). მაშინ ბანკი აშშ-ის ფინანსური სისტემიდან სრულად არ ყოფილა დაბლოკილი და შეზღუდვები, ძირითადად, ამერიკული კომპანიების მიერ VTB-ისთვის გარკვეული ტიპის დაფინანსების მიწოდებას შეეხებოდა.

2022 წლის თებერვალში VTB უკვე აშშ-ის SDN (Specially Designated Nationals and Blocked Persons) სიაში შეიყვანეს. აღნიშნული რეჟიმი ე.წ. ბლოკირების სანქციებს ითვალისწინებს, მათ შორის ბანკის აშშ-ის იურისდიქციაში არსებული აქტივების გაყინვასა და ამერიკულ პირებთან ტრანზაქციების აკრძალვას.

ამრიგად, 2026 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება VTB-ისთვის ახალი, ირანთან დაკავშირებული სანქციების დაწესებას წარმოადგენს და არა ბანკის პირველად დაბლოკვას აშშ-ის ფინანსურ სისტემაში. ამასთან, ახალი ზომები VTB-სთან თანამშრომლობის შემთხვევაში უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს დამატებითი, მეორეული სანქციების რისკს უქმნის.