სადღესასწაულო პერიოდში ფასი არ იზრდება სრულ ასორტიმენტზე, თუმცა გარკვეულ ყვავილზე 10-დან 20%-მდე ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ Flowers.ge-ს ფინანსურმა დირექტორმა თამაზ იმნაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი ისევ ვარდია, თუმცა არის ყვავილის რამდენიმე სახეობა, რომელიც თითქმის  ვარდის მოთხოვნას უტოლდება.

"საქართველოს ბაზარზე ყვავილებზე მოთხოვნა მზარდია, გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. ჩვენს კატალოგში ყველანაირი საფასო კატეგორიის თაიგულების ძალიან ფართო არჩევანია და მოთხოვნა ყველა საფასო კატეგორიაზეა. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არის ნიდერლანდები, თუმცა ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ყვავილების წარმოებას და სეზონურად ვავსებთ მარაგებს ქართველი მებაღეების მიერ მოყვანილი ყვავილებით. პანდემიის შემდეგ ფასების ზრდა აღარ შეინიშნება, რიგ შემთხვევებში არის ფასების კლებაც. ყოველდღიურად ჩვენს მაღაზიაში  80-90 სახეობის ყვავილის არჩევანია.
უფრო და უფრო პოპულარული ხდება ეგზოტიკური ყვავილები, შეფუთვის განსხვავებული სტილი. ასევე გაიზარდა ყვავილების ინტერიერის დიზაინში გამოყენების მოთხოვნა. გვყავს მომხმარებლები რომლებიც ყოველკვირეულად აახლებენ თავიანთი სახლის ინტერიერს ჩვენი ყვავილებით", - განაცხადა თამაზ იმნაძემ.

ცნობისთვის, Flowers.ge-ს ამ ეტაპზე ორი ფილიალი აქვს. კერძოდ, თბილისსა და ბათუმში. 

bp.ge