ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებს სექტორში ჯერჯერობით მნიშვნელოვანი რყევები არ გამოუწვევია, - ამის შესახებ "თბილღვინოს" თანადამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა  "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს მოლოდინები, რომ შესაძლოა ლოგისტიკური საკითხები გართულდეს, თუმცა სექტორი ადაპტაციისთვის მზად არის. 

"ჩვენ როგორც ყველა აქტიურად ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობთ, ადაპტაცია მოვახდინოთ. არის მოლოდინები, რომ შესაძლოა ეს ლოგისტიკის საკითხებსა და ტრანსპორტირების ღირებულებაზე აისახოს. თუ ეს ასე მოხდა ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვახდენთ ადაპტაციას, თუმცა საკმაოდ მყარად და თავდაჯერებულად ვართ, რადგან ჩვენ ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია გვაქვს. საკმაოდ შემდგარი და ძლიერი და პარტნიორები გვყავს უცხოეთში და ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ. 

ამჟამად, ჩვენი ექსპორტის მცირე ნაწილს შეადგენს აზიური ბაზარი. კერძოდ, წარმოდგენილი ვართ ჩინეთსა და კორეაში. ჩვენი ძირითადი ბაზრებია ევროპა და ამერიკა. სამომავლოდ, ვფიქრობთ განვითარებას აზიის მიმართულებითაც და ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.

რაც შეეხება "თბილღვინოს", ის  ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე მსოფლიოს 30 ქვეყანაში გადის. "თბილღვინოს" ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.

"თბილღვინოს" ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი