გაზრდილი გადასახადების ფონზე რთულია პერსონალის შენარჩუნება. თანამშრომლები პირობას უყენებენ კომპანიას, თუ ხელფასი არ გაეზრდებათ, სამსახურიდან წავლენ, - აცხადებს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი შიოლაშვილი აღნიშნავს, რომ ტექინსპექტირების რეფორმა 2018 წელს დაიწყო და მას მერე საფასურის გადახედვა აღარ მომხდარა.

„მოგეხსენებათ, გაზრდილი გადასახადების ფონზე რთულია პერსონალის შენარჩუნება, ასევე, რთულია იმ ხარჯებს აუვიდეს ტექინსპექტირების ცენტრები, რაც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის განახლებასთან. აქედან გამომდინარე, გაზრდილი გადინების ფონზე, პერსონალისთვის ხელფასების გაზრდაა საჭირო და სექტორმა პირველადი ტექინსპექტირების საფასურის გადახედვა მოითხოვა - მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი, მსუბუქი ავტომობილების ტექინსპექტირება 30 ლარით გაძვირდეს.

რეალურად უჭირთ კომპანიებს თანამშრომლების შენარჩუნება, გადინების პროცენტი კატასტროფულია და ყოველწლიურად 50%-საც კი სცილდება. ახალი კადრების მოზიდვა, მათი დატრენინგება და მოძველებული მოწყობილობების ჩანაცვლება, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, სფეროში მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისთვის საჭიროა პირველადი ტექინსპექტირების საფასურის გაზრდა.

იმ პირობებში, რა ტარიფიც დღეს არის, შეუძლებელია თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა. თავად თანამშრომლები უყენებენ კომპანიას პირობებს, რომ თუ ხელფასი არ მოიმატებს, სამსახურს დატოვებენ“, - აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.