სუპერმარკეტების ქსელის „აგროჰაბის“ დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მრავალფუნქციურ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს აშენებს.

აღნიშნული ტერიტორია პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შპს „არეკ“-მა რანდენიმე წლის წინ შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. ობიექტი გასაყიდად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა და 3,8 მილიონ ლარად გაასხვისა.

შპს „არეკ“-ის მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანია, რომელიც ასევე „აგროჰაბის“ დამფუძნებელია. კომპანიის დირექტორი კი გიორგი ჯაშიაშვილია, რომელიც „აგროჰაბის“ ყოფილი დირექტორია. 

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობია 3668 კვ.მ. ობიექტი იქნება მრავალფუნქციური შენობა (სასურსათო მაღაზია, სასტუმრო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი), ხოლო სართულები ფუნქციურად განაწილდება შემდეგნაირად: -2 და -1 სართულებზე განლაგდება პარკინგები; -1 სართულის ნაწილზე მოეწყობა სასაწყობე ფართები; - 0 სართულზე მოეწყობა სასურსათო მაღაზია „აგროჰაბი“; მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე მოეწყობა ღია ავტოპარკინგი; მეოთხე სართულზე მოეწყობა სასტუმრო ნომრები და ნაწილობრივ საცხოვრებელი ბინები, მეხუთე - მეთერთმეტე სართულებზე განთავსდება საცხოვრებელი ბინები. პროექტი 2025 წელს უნდა დასრულდეს.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროექტის სახელწოდება „ეთჰოუმ რეზიდენსია“

„ეთჰოუმ რეზიდენსი“ ევროპული ტიპის 16 სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც სინთეზში იქნება წარმოდგენილი ჰიპერმარკეტ აგროჰაბთან ერთად. 

პრესტიჟული ლოკაცია ქალაქის ცენტრში, წამყვანი არქიტექტორების მიერ შექმნილი უნიკალური დიზაინი, 5 დონიანი ავტოსადგომი და სრული კომფორტი მობინადრეთათვის – ეს არის ის, რაც განსაკუთრებულსა და გამორჩეულს ხდის „ეთჰოუმის“ მორიგ პროექტს ო. ჭილაძის ქუჩაზე. 

აპარტამენტების ფართობი 63 კვ.მ-იდან იწყება და განლაგებული იქნება მეოთხედან მე-16 სართულის ჩათვლით“, - ნათქვამია პროექტის აღწერაში.