ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში 60 მლნ დოლარის ღირებულების 3 პროექტს ახორციელებს, აქედან ერთ-ერთი სასტუმრო „აღობილია“, რომლის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარს შეადგენს.
კომპანიის ინფორმაციით, სასტუმრო „აღობილი“ ოპერირებას Doubletree by Hilton-ის ბრენდით დაიწყებს, რომელიც ფრანჩაიზით შემოდის. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 140-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.
სასტუმროს დასრულების თარიღი სავარაუდოდ 2024 წელია, თუმცა როგორც რამდენიმე თვის წინ კომპანიაში აცხადებდნენ, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების თარიღზე.
ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა, საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილმა რამდენიმე დღის წინ აბასთუმანში სტუმრობისას განაცხადა, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და 2025 წლის სეზონისთვის აბასთუმანი განახლებული სახით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად იქნება მზად.