სასტუმრო „ძველი გალავანი“ თელავში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ტურისტებისა თუ ადგილობრივი დამსვენებლებისთვის საყვარელი და საინტერესო ადგილია. როგორც სასტუმრო “ძველი გალავნის” თანადამფუძნებელი მაია ჩიკვაიძე “კომერსანტს”უყვება სასტუმროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მაია ჩიკვაიძემ შენობა წინა მეპატრონისგან მულთან ერთად შეიძინა და ავთენტურობის სრული დაცვით საოჯახო სასტუმროს მოწყობა გადაწყვიტა.

სახლი თავდაპირველად პირველი გილდიის ვაჭრის პეტრე ზუკაკიშვილის სახლი იყო, მას სამი ვაჟი ჰყავდა, სასტუმროს ეზოში დღესაც შემორჩენილია 1720-იანი წლების შენობა, რომელშიც განთავსებული იყო ე.წ. „ლავკა“ ანუ სავაჭრო პუნქტი. სახლის მეპატრონე აწარმოებდა სპირტს და სწორედ ამ სპირტით მარაგდებოდა სარაჯიშვილი.
„ამ ტერიტორიას ძველი გალავნის ტერიტორია ჰქვია, აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებული იყო ბაზარი, გორიჯვრის ეკლესიის ფერდობზე სულ ბაზარი იყო, შემდეგ ბაზრის ტერიტორია რაიკომთან გადავიდა და ამ სახლში წინა მცხოვრებლები 1800 წელს შესახლდნენ, სავაჭრო პუნქტის შენობა ხელუხლებლად დატოვეს, მე და ჩემი მული ვცდილობთ, რომ ყველაფერს პირვანდელი სახე შევუნარჩუნოთ, პრინციპში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და არც არანაირი ცვლილების უფლება არ გვაქვს. ეზოში გვაქვს დაახლოებით 300 წლის ჭა, რომელიც არის აგურით ნაშენები და ერთადერთი აგურით ნაშენები ჭაა, რომელიც თელავშია შემორჩენილი, ეს ჭა დგას გამდინარე მდინარეზე” - გვიყვება მაია ჩიკვაიძე.
ჩიკვაიძის თქმით, როგორც ყველა სხვა შენობას რესტავრაცია „ძველ გალავანსაც“ ჩაუტარდა, თუმცა რესტავრაციით უკმაყოფილოა, რადგან ძველი ნივთები, ავეჯი, კარ-ფანჯარა და ყველაფერი სხვა ეზოში ეყარა, ჩიკვაიძე გვიყვება, რომ ყველაფერი რაც ავთენტური და სახლის პირვანდელი იერისთვის შესაფერისი იყო, თავის ადგილზე დააბრუნა.
“არანაირი დიზაინერი არ მყოლია, მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს ჩემი ხელით, წინა მთავრობის დროს რეაბილიტაცია გაუკეთდა, მაგრამ საშინლად გაუკეთდა და კარ-ფანჯარა, ყველაფერი ეყარა ეზოში და რაც გადარჩა ყველაფერი უკან დავაბრუნე. ის მასალა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ის რაც გააკეთეს. ყველაფერი რაც წინა მცხოვრებლებმა დატოვეს საკუთარი ხელით დავასუფთავე და თავისი ადგილი მივუჩინე, ასევე მოვიძიე ბებიის დანატოვარი ნივთები და მოვიტანე, სასტუმრო მთლიანად გლეხის ოჯახის სტილში მაქვს.
როდესაც სასტუმროზე მუშაობა დავიწყეთ, მე და ჩემმა მულმა კედლებზე ბათქაშის ჩამოყრა დავიწყეთ და ნახატები აღმოვაჩინეთ, ისეთი წყობა ჰქონდა კედლებს აღარ გავლესეთ და იმის გამო, რომ ნახატები შეგვენარჩუნებინა, იმ დროინდელი შაბლონების და ტრაფარეტების მოძიება დავიწყე , რაც დანარჩენ კედლებზე გავუშვი. სასტუმროში მაქვს ძველი რუსული და ძველი ქართული ბუხარიც. ამ ეტაპზე ნომრებს საუზმის გარეშე ვაქირავებ, რადგან სასადილო არ მაქვს მოწესრიგებული, თუმცა ახლა სამზარეულოს რეაბილიტაციასაც ვაკეთებ. ჩემ დამსვენებლებს, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს ძალიან მოსწონთ აქაურობა, ხანდახან მხოლოდ დასათვალიერებლად, ექსკურსიებზეც მოდიან. ვინც ერთხელ მესტუმრება, შემდეგ სულ უნდა მოსვლა, მაშინაც კი, როდესაც ზამთარში თელავის სასტუმროების უმეტესობა დაკეტილია, რადგან გათბობას დიდი ხარჯები უნდა, მე სტუმრები მყავს, რადგან ბუხართან ჯდომა ძალიან ბევრს მოსწონს და მათთვის მომხიბვლელია” - აღნიშნა მაია ჩიკვაიძემ.
რაც შეეხება ფასებს, მაია ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ აქვს 18, 25, და 27 კვ.მ ფართის ნომრები და ფასიც შესაბამისად, პერსონის რაოდენობიდან გამომდინარეა 90-100 ლარის ფარგლებშია, თუმცა Booking -ზე გამომდინარე იქიდან, რომ Booking-ს თავისი პროცენტიც აქვს, განთავსების ფასი გაცილებით მაღალია.
მაია ჩიკვაიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სახლებს, მიწის ქვეშაც აქვს ოთახები, თუმცა ახლა მიწით არის ამოვსებული, მისივე თქმით ე.წ. “ლავკის” ქვეშ შეინიშნება თაღებიც, თუმცა მის აღდგენას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე არ აქვს.
რაც შეეხება პირველად ინვესტიციას, მაია ჩიკვაიძის თქმით, პირველ ეტაპზე „აწარმოე საქართველო“ 13 000 ლარიანი გრანტით დაეხმარა.

.
