Wizz Air-ის მგზავრებს, რომლებიც კისრის სამგზავრო ბალიშით მგზავრობენ, შესაძლოა აეროპორტში დამატებითი საფასურის გადახდა მოუწიოთ, თუ აქსესუარი მათთვის განსაზღვრულ ხელბარგში არ მოთავსდება.

ავიაკომპანიის ოფიციალური წესების მიხედვით, კისრის ბალიში არ შედის იმ ნივთების ჩამონათვალში, რომელთა ბორტზე ცალკე და უფასოდ ატანაც არის ნებადართული. შესაბამისად, მგზავრმა ის ნებადართულ ხელბარგში უნდა მოათავსოს. თუ ბალიში ბარგის დასაშვებ ლიმიტში ვერ ეტევა, Wizz Air-მა ის შესაძლოა დამატებით ნივთად ჩათვალოს და შესაბამისი ბარგის საფასური დააკისროს.

Wizz Air-ის Basic ტარიფით მგზავრს უფასოდ შეუძლია ბორტზე ერთი ხელბარგის ატანა, რომლის მაქსიმალური ზომაა 40 × 30 × 20 სმ, ხოლო წონა 10 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ჩანთა წინა სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს.

უფრო დიდი, 55 × 40 × 23 სმ ზომის და მაქსიმუმ 10 კილოგრამის წონის ხელბარგის ბორტზე ატანა WIZZ Priority სერვისს მოითხოვს. კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, WIZZ Priority-ის ღირებულება ონლაინ ან ქოლცენტრის საშუალებით €10-დან €60-მდე მერყეობს, ხოლო აეროპორტში მისი შეძენის ფასი €65-დან €75-მდეა.

ამიტომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მგზავრი კისრის ბალიშისთვის ავტომატურად €55 ან €65-ით „ჯარიმდება“, დაზუსტებას საჭიროებს. Wizz Air ცალკე „ბალიშის ჯარიმას“ არ აწესებს. დამატებითი ხარჯი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ ბალიში მგზავრის ნებადართულ ბარგში ვერ ეტევა და დამატებით ნივთად ითვლება.

ავიაკომპანია უფასოდ ატანის ცალკე უფლებას მხოლოდ გარკვეულ ნივთებზე ავრცელებს, მათ შორის ქურთუკზე ან პლედზე, მობილურ ტელეფონზე, ფრენისას საკითხავ მასალასა და უსაფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ Duty Free-ში შეძენილ ნივთებზე.

წყაროები:
Wizz Air — Cabin baggage rules
Wizz Air — Baggage allowance
Wizz Air — WIZZ Priority და მიმდინარე ტარიფები
UK Civil Aviation Authority — ავიაკომპანიების დამატებითი საფასურების შედარება