ევროკავშირის გაზსაცავების შევსების დონე აგვისტოს მეორე ნახევარში დაახლოებით 62%-ს შეადგენს, რაც წლის ამ პერიოდისთვის ბოლო ორი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის გაზსაცავები დაახლოებით 74%-ით იყო შევსებული. UBS-ის მონაცემებით კი, მიმდინარე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონესაც, რომელიც დაახლოებით 79%-ს შეადგენს.
გაზსაცავების შევსების შედარებით ნელი ტემპის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებრივი აირის მაღალი ფასია. Reuters-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებულმა ფასების ზრდამ კომპანიებისთვის ზაფხულში გაზის შესყიდვა და ზამთრისთვის მისი შენახვა ნაკლებად მიმზიდველი გახადა.
ევროპის საორიენტაციო Dutch TTF-ის ფასი მიმდინარე კვირაში €65-ს აჭარბებდა ერთ მეგავატსაათზე და ბოლო რამდენიმე თვის მაქსიმუმთან ახლოს იყო.
მიუხედავად დაბალი მარაგებისა, ევროკომისია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაუყოვნებელი საფრთხე არ არსებობს. კომისიის შეფასებით, დაახლოებით 80%-იანი შევსების დონე საკმარისი იქნება 2026/27 წლების ზამთრის სეზონის უსაფრთხოდ გასავლელად.
ევროკავშირის მოქმედი წესების მიხედვით, წევრმა ქვეყნებმა გაზსაცავების 90%-იანი შევსების მიზანს 1 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში უნდა მიაღწიონ. ამასთან, რეგულაცია ქვეყნებს ბაზრის რთული პირობების შემთხვევაში გარკვეულ მოქნილობას აძლევს.
წყაროები:
Reuters — EU gas storage at 62%, Commission sees no immediate supply risk
Euractiv — Historic low storage levels are not a gas supply crisis
European Commission — Gas storage rules and targets
European Commission — No immediate concerns about EU gas supply
Gas Infrastructure Europe — AGSI storage data