გერმანია უკრაინის დახმარებისთვის დამატებით €60 მილიონს გამოყოფს.
გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის დამატებით €60 მილიონს გამოყოფს, საიდანაც €50 მილიონი ჰუმანიტარული დახმარებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო €10 მილიონი NATO-ს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის, CAP-ის ფონდში ჩაირიცხება.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, €50 მილიონი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დახმარებას უწევენ უკრაინის მოსახლეობას, განსაკუთრებით ფრონტისპირა რეგიონებში. გერმანია უკრაინას დამატებით გენერატორებსაც მიაწვდის, მომავალი ზამთრისთვის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად.
დამატებით €10 მილიონს გერმანია NATO-ს CAP Trust Fund-ში შეიტანს. ფონდი უკრაინას არალეტალური სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს და აფინანსებს როგორც გადაუდებელ საჭიროებებს, ისე გრძელვადიან პროექტებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თანხა, სხვა მიმართულებებთან ერთად, გამოიყენება სამხედრო ნაწილების დეცენტრალიზებული ენერგომომარაგებისთვის, სამხედრო ჰოსპიტლების სამედიცინო აღჭურვილობისთვის და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
NATO-ს ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისისთვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა CAP Trust Fund-ში ჯამურად €1.4 მილიარდზე მეტი შეიტანეს. ფონდი წევრი და პარტნიორი ქვეყნების ნებაყოფლობითი ფინანსური და მატერიალური შენატანებით ფინანსდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანას უკრაინისთვის დაახლოებით €41 მილიარდის ოდენობის ორმხრივი სამოქალაქო დახმარება ჰქონდა გაწეული, ხოლო სამხედრო დახმარების სახით €55.5 მილიარდი ჰქონდა მიწოდებული ან მომავალი წლებისთვის გამოყოფილი.
წყაროები:
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო — გერმანიის დახმარება უკრაინისთვის
NATO — Comprehensive Assistance Package for Ukraine
NATO — Trust Funds
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო — Ukraine Energy Security Conference