ევროპის ქალაქები და სახელმწიფოები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების გასაზრდელად სულ უფრო განსხვავებულ ფინანსურ და მარკეტინგულ მექანიზმებს მიმართავენ. ერთ შემთხვევაში მგზავრობის საფასური ქალაქის მცხოვრებლებისთვის სრულად უქმდება, მეორე შემთხვევაში სახელმწიფო ახალგაზრდებს ძვირად ღირებულ წლიურ აბონემენტს ჩუქნის, ზოგჯერ კი ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის უჩვეულო სარეკლამო კამპანიებიც ტარდება.

პორტუ პორტუგალიის პირველი ქალაქი გახდა, სადაც რეგისტრირებულ მცხოვრებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ. პროგრამა ვრცელდება Andante-ს ქსელში შემავალ მეტროზე, ავტობუსებზე, ტრამვაებსა და საგარეუბნო მატარებლებზე. მოგვიანებით მას პორტუსა და ვილა-ნოვა-დე-გაიას შორის მოძრავი ბორანიც უნდა დაემატოს.

ქალაქის ხელისუფლების მიზანია, მოსახლეობამ პირადი ავტომობილების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ხშირად გამოიყენოს. ამჟამად პორტუში ყოველდღიური მგზავრობების 56.8% ავტომობილზე მოდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი კი მხოლოდ 23.5%-ია.

უფასო მგზავრობა ტურისტებზე არ გავრცელდება. ისინი ბილეთების შეძენას ჩვეულებრივ გააგრძელებენ. ამასთან, მერია ტურისტული მოსაკრებლის ერთ ადამიანზე, ერთი ღამისთვის 3 ევროდან 4 ევრომდე გაზრდას განიხილავს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო ტრანსპორტის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო სწორედ ტურისტული გადასახადი გახდეს.

პორტუ ინფრასტრუქტურის გაფართოებასაც გეგმავს. წლის ბოლომდე ავტობუსებისთვის განკუთვნილი ზოლების საერთო სიგრძე 16-დან 22 კილომეტრამდე უნდა გაიზარდოს. ქალაქის მაგალითი აჩვენებს, რომ მგზავრობის საფასურის გაუქმება ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად იზრდება ტრანსპორტის გამტარუნარიანობა და მომსახურების ხარისხი.

ევროპის სხვადასხვა ქალაქში მსგავსი პროგრამები უკვე მოქმედებს. საფრანგეთში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი სულ მცირე 39 ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი. მონპელიეში პროგრამის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში ავტობუსებისა და ტრამვაების მგზავრთა რაოდენობა დაახლოებით მესამედით გაიზარდა. ტალინში უფასოდ ადგილობრივი მცხოვრებლები მგზავრობენ, ლუქსემბურგში კი 2020 წლიდან ტრანსპორტი უფასოა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

ავსტრიამ განსხვავებული გზა აირჩია და აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა. 2024 წლიდან ყველა მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდება, უფასო წლიური Klimaticket გადაეცემა. ბენეფიციარს შეთავაზებით სარგებლობა სრულწლოვანების მიღწევიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეუძლია.

Klimaticket ავსტრიის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითქმის ყველა სახეობაზე მოქმედი წლიური აბონემენტია. მისი ჩვეულებრივი ფასი 1 095 ევროა. სახელმწიფოს გათვლით, ახალგაზრდებს უფასო აბონემენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივ მომხმარებლებად ჩამოაყალიბებს და შეამცირებს მათ დამოკიდებულებას პირად ავტომობილებზე.

ავსტრიაში Klimaticket-ის პოპულარიზაციისთვის უჩვეულო კამპანიაც ჩატარდა. მუსიკალური ფესტივალების სრულწლოვან სტუმრებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ სხვა ტატუ, სთავაზობდნენ სხეულზე სიტყვა „Klimaticket“-ის ამოსვირინგებას, სანაცვლოდ კი უფასო წლიურ აბონემენტს გადასცემდნენ.

კამპანიის მიზანი აბონემენტის ცნობადობის გაზრდა იყო. იმ დროისთვის Klimaticket-ს დაახლოებით 245 000 ადამიანი იყენებდა, მაშინ როდესაც ავსტრიის მოსახლეობა 9 მილიონამდე იყო. თუმცა ინიციატივამ საზოგადოებაში კრიტიკაც გამოიწვია, რადგან სახელმწიფო შეღავათის მუდმივ ტატუსთან დაკავშირება ბევრისთვის სადავო მარკეტინგულ ნაბიჯად იქცა.

პორტუსა და ავსტრიის მაგალითები ერთ საერთო ტენდენციაზე მიუთითებს. ევროპაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფინანსება თანდათან მხოლოდ სოციალური პოლიტიკის ინსტრუმენტი აღარ არის. ის ეკონომიკური, კლიმატური და ურბანული განვითარების პოლიტიკის ნაწილად იქცევა.

უფასო მგზავრობა მოქალაქეების ხარჯებს ამცირებს, მაგრამ პარალელურად ადგილობრივ ბიუჯეტს დამატებით ფინანსურ ვალდებულებას აკისრებს. ამიტომ ქალაქებს უწევთ დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება, მათ შორის ტურისტული გადასახადების, ცენტრალური ბიუჯეტის სუბსიდიებისა და სხვა შემოსავლების გამოყენება.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, შეუძლია თუ არა უფასო ტრანსპორტს ავტომობილების რაოდენობის რეალურად შემცირება. მგზავრობის საფასურის გაუქმება მოთხოვნას ზრდის, თუმცა შედეგი დიდწილად დამოკიდებულია რეისების სიხშირეზე, მარშრუტების დაფარვაზე, სისწრაფესა და ინფრასტრუქტურის ხარისხზე. დაბალი ხარისხის ტრანსპორტი, თუნდაც უფასო, ავტომობილის სრულფასოვან ალტერნატივად შესაძლოა ვერ იქცეს.