„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ახალწვეულმა, სანდრო მამუკელაშვილმა სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყების წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„შესანიშნავ ფორმაში ვარ, მოტივაცია არ მაკლია და ვხვდები, რომ მოდუნების უფლება არ მაქვს. ამ ლიგაში როგორც კი იფიქრებ, რომ კომფორტის ზონაში ხარ, შენი რეგრესიც მაშინვე იწყება. ჩემი მიზანია, მუდმივად განვვითარდე და არსებულს არ დავჯერდე. მინდა, გუნდთან ერთად ბევრ გამარჯვებას მივაღწიო, დიდი პროექტის ნაწილი ვიყო და მნიშვნელოვანი კვალი დავტოვო.

ვფიქრობ, „ლეიკერსის“ თამაშს უფრო მრავალფეროვანს გავხდი, დავეხმარები მოწინააღმდეგის დაცვის გახსნაში და გუნდში ერთგვარი დამაკავშირებლის როლს მოვირგებ. მაქსიმალურად შევეცდები, გადაწყვეტილებები სწრაფად მივიღო, დროული პასები გავაკეთო და თამაშში ენერგია შევიტანო. დაცვაში საიმედო მოქმედების შემდეგ, კარგი იქნება, თუ მეტოქის ნახევარზე სწრაფი გადასვლა გვექნება და შეტევაში მეტი აგრესიულობით გამოვიჩენთ თავს. ასევე, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ პერიმეტრიდან სამქულიანების რეალიზაციის მაღალი პროცენტი გვექნება.

ზოგადად, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა „ლეიკერსის“ რიგებში ყოფნა, რადგან ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. როგორც წარსულშიც აღვნიშნე, ჩემზე, როგორც კალათბურთელზე, უზარმაზარი გავლენა კობი ბრაიანტმა მოახდინა. მის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა. ვეცნობოდი მის ყველა ინტერვიუს, ვაკვირდებოდი ვიდეოებს და მიზნად მქონდა დასახული, მისი აზროვნების სტილი ამეთვისებინა. ხომ ცნობილია, რომ კობისთვის სათადარიგო გეგმა არ არსებობდა, მისთვის მხოლოდ „გეგმა A“ მუშაობდა“, – ამბობს მამუკელაშშვილი.

„ლეიკერსი“ სეზონის დაწყების წინ პირველ ამხანაგურ მატჩს 6 ოქტომბერს „საკრამენტოსთან“ ჩაატარებს. პირველი ოფიციალური შეხვედრა კალიფორნიულ გუნდს 22 ოქტომბერს „გოლდენ სტეიტთან“ ელის.

1tv.ge