აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელი და ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ფოლარინ ბალოგუნი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში, ბოსნია-ჰერცეგოვინას გუნდთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ბალოგუნის დისკვალიფიკაცია შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) წესების თანახმად, მას შემდეგი მატჩი უნდა გამოეტოვებინა.
ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებთან მატჩში, რომელიც 1 ივლისს აშშ-ის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ბალოგუნი ტარიკ მუჰარემოვიჩის წინააღმდეგ უხეში, თუმცა უნებლიე ფოლის გამო მოედნიდან გააძევეს. აშშ-ის ნაკრების მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ მსაჯების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს წესები განზრახ არ დაურღვევია. სიტუაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც კი გამოეხმაურნენ. „მას ღორულად მოექცნენ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
ბრიტანული სპორტული გამოცემა GiveMeSport-ის კორესპონდენტმა ბენ ჯეიკობსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს თეთრი სახლიდან პირადად დონალდ ტრამპი დაუკავშირდა და ბელგიასთან მატჩის წინ, რომელიც 6 ივლისს არის დაგეგმილი 25 წლის თავდამსხმელის გაძევების გაუქმება სთხოვა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია სააგენტო AP-ის წყაროებმაც დაადასტურეს.
GiveMeSport-ის მონაცემებით, FIFA-ში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბალოგუნის გარშემო შექმნილი სიტუაციის გადახედვის გადაწყვეტილება „თეთრი სახლის გავლენასთან“ არ არის დაკავშირებული. საბოლოოდ, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ისარგებლა სადისციპლინო კოდექსის 27-ე მუხლით და ბალოგუნს ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუნიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა გადაწყვეტილების გადახედვას. „მადლობა FIFA-ს იმისათვის, რომ სწორად მოიქცა და გამოასწორა ეს აშკარა უსამართლობა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში.“
FIFA-ს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს ბელგიის ხელისუფლებამ და ფეხბურთის ასოციაციამ. ქვეყანაში სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევაზე საუბრობენ და მსოფლიო ფეხბურთის ხელმძღვანელობაზე პოლიტიკურ ზეწოლას ეჭვობენ. ბელგიის საფეხბურთო ასოციაციაში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტს ეწინააღმდეგება.