"მიმაჩნია, რომ კორპორაციული დავის მიმდინარეობისას, საჯარო დისკუსიისას, აბსოლუტურად მიუღებელი და უპასუხისმგებლოა საბანკო თემით  სპეკულირება. შესაბამისად, ნათია ჯანაშიას მოწოდება საზოგადოებისადმი, რომ უმსხვილეს ბანკში, “საქართველოს ბანკში”, მასობრივად დახურონ ანგარიშები, გააუქმონ პროდუქტები და გაიტანონ დეპოზიტები ქვეყნის სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკიდან, აშკარად  სცდება ყველანაირ კერძო დავის ფარგლებს და ქმნის სერიოზულ რისკს, რომ კერძო კორპორაციული დავა საბანკო სექტორისა და ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ გამოიყენოს მხარემ”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე. 

ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწოდება განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საშიშია უფრორე იმიტომ, რომ იგი სრულიად დაუსაბუთებელია რაიმე მნიშვნელოვანი ფინანსური არგუმენტით. 

“არ არსებობს არც ერთი ფაქტი კაპიტალის, ლიკვიდობის, გადახდისუნარიანობის ან მარეგულირებლის პრობლემებზე და ასეთ დროს კერძო კორპორაციული ინტერესიდან გამომდინარე,  საკითხის დასმა საზოგადოებრივი ნდობის კონტექსტში, - როგორც არ უნდა შეარჩიო ზედსართავი სახელი - ერთ განსაზღვრებამდე მიდიხარ - ანტისახელმწიფოებრივი და ამორალურია“, -ამბობს გიორგი ცუცქირიძე.  

თუმცა, ცუცქირიძის აზრით, პრობლემა აქ არ მთავრდება. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა ნათია ჯანაშიას მხრიდან.

„ჯანაშია ანალოგიურ კამპანიას აქტიურად აწარმოებდა 2025 წელსაც და 2026 წლის პირველ ნახევარშიც. საჯარო სივრცეში მტკიცებულებების გარეშე იგივე გზავნილების განმეორებითი ტირაჟირება უკვე აღარ არის შემთხვევითობა - ეს გააზრებული რეპუტაციული და ეკონომიკური შეტევაა”, - ამბობს ცუცქირიძე. 

საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის კრიტიკული ინფრასტრუქტურაა. მის წინააღმდეგ საჯარო მოწოდებები, ფინანსური საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად, ეკონომიკური ზეწოლის ფორმას იღებს. 

„მიმაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ უკიდურესად უპასუხისმგებლო მიდგომაა, არამედ ქმნის სახიფათო პრეცედენტს, როდესაც კერძო კორპორაციული დავის ფარგლებში გამოყენებული სტრატეგიები,  სცდება თავად დავის ფარგლებს და სპეკულაციურ გავლენას ახდენს საზოგადოების ნდობაზე, ინვესტორთა განწყობებსა და ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე”, - დასძენს ანალიტიკოსი.