ხაშურში მშენებარე პირველი 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინების დაჯავშნა და გაყიდვა უკვე დაიწყო. პროექტში 1 კვადრატული მეტრის საწყისი ფასი 850 აშშ დოლარია, ხოლო ყველაზე მცირე ფართობის ბინა 45 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

კორპუსს ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი აშენებს. პროექტს მისივე კომპანია „ტერასა ივერია“ ახორციელებს, საუბარია დაახლოებით 200-ბინიან საცხოვრებელ კომპლექსზე, რომლის საინვესტიციო ღირებულება 8-10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულება დაახლოებით 2 წელიწადშია დაგეგმილი.

17-სართულიანი შენობის პირველი სართული კომერციულ ფართებს დაეთმობა, ხოლო დანარჩენ სართულებზე საცხოვრებელი ბინები განთავსდება. შენობის საერთო ფართობი 15 000 კვადრატული მეტრი იქნება.

ვალერი გელაშვილის განმარტებით, მშენებლობა იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც წარსულში სასტუმრო „ივერია“ მდებარეობდა, მოგვიანებით კი შენობა სკოლად ფუნქციონირებდა. მისი თქმით, ობიექტი რეკონსტრუქციას საჭიროებდა და პროექტის მიზანი ქალაქის ცენტრის განახლება და განვითარებაა.

როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველად ხაშურის მუნიციპალიტეტს 22-სართულიანი კორპუსის პროექტი წარუდგინეს, თუმცა ნებართვა მხოლოდ 17-სართულიანი შენობის მშენებლობაზე მიიღეს. რა გახდა სართულიანობის შემცირების ოფიციალური მიზეზი, უცნობია.

ბიზნესმენის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და საძირკველი მოწყობილია. მისი თქმით, ეს დეველოპერული მიმართულებით პირველი პროექტი არ არის - ხაშურში მან უკვე ააშენა რამდენიმე 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. გარდა ამისა, გელაშვილი გეგმავს ქალაქში, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, 26 000 კვადრატულ მეტრზე კიდევ ერთი მრავალფუნქციური განაშენიანების პროექტის განხორციელებას, რომელიც საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს მოიცავს.