საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს, - ამის შესახებ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
სენატორი ჯინ შაჰინის ცნობით, იგი და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრნენ.
„როგორც ვიცით იქ (საქართველოში) სიტუაცია სულ უფრო მძიმე ხდება. ეს კომიტეტი ქართველი ხალხის მიმართ დიდი ხანია ერთგულია. ვფიქრობ, ყველანი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ნათლად განვაცხადოთ, რომ ამ საკითხში საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს და არ ვაპირებთ მოქმედების გარეშე შევეგუოთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ამ გზავნილს გაიგებენ“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.