რუსეთის ხელისუფლება მიმდინარე წელს ომისთვის გათვალისწინებული ხარჯების კიდევ 4-5 ტრილიონი რუბლით გაზრდას გეგმავს, რაც ბიუჯეტში თავდაპირველად განსაზღვრულ თანხაზე დაახლოებით 40%-ით მეტია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, დამატებითი თანხის მოზიდვას რუსეთის ხელისუფლება ძირითადად შიდა ბაზარზე სესხების აღებით გეგმავს. წყაროების ცნობით, საუბარია დამატებით 2-3 ტრილიონი რუბლის შიდა ვალის აღებაზე.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მოქმედ ბიუჯეტში უკვე არსებული შიდა ვალის მომსახურებაზე გათვალისწინებულია ოთხი ტრილიონი რუბლი. ეს ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით ცხრა პროცენტს შეადგენს და ხარჯების სიდიდით მეხუთე კატეგორიაა თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის შემდეგ.

„ბლუმბერგის“ შეფასებით, დამატებითი სესხების გარეშე რუსეთი ვერ შეძლებს არსებული ხარჯების დაფინანსებას. სააგენტოს ცნობით, 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი უკვე ექვს ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა, რაც ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 2,6%-ს შეადგენს და მთელი წლისთვის დაგეგმილ მიზნობრივ მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აღემატება.

ამასთან, როგორც ივნისის დასაწყისში „ბლუმბერგი“ წერდა, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა ვლადიმერ პუტინი გააფრთხილეს, რომ თავდაცვის ხარჯები ბიუჯეტის დეფიციტის სახიფათო ზრდას იწვევს. სააგენტოს წყაროების მიხედვით, პუტინმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, ეკონომია სხვა საბიუჯეტო მიმართულებების ხარჯზე გააკეთონ, ხოლო თავდაცვითი ხარჯები არ შეამციროს.

1tv.ge