თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" გამოაცხადა 50 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი 226 ერთეული BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით. შესყიდვა 2026-2028 წლების პერიოდში 226 ერთეული ავტობუსის მომსახურებას მოიცავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება შეეხება BMC PROCITY 12 M CNG მოდელის, შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე M3 კატეგორიის 226 ავტობუსს, რომლებიც თბილისის №2 და №4 ავტობაზებზეა განთავსებული. გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსების ტექნიკური მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
არსებული მდგომარეობით კი აღნიშნული ავტობუსების ტექნიკურ მომსახურებას შპს "თეგეტა მოტორსი" უზრუნველყოფს 2024 წელს გაფორმებული 12 მილიონი ევროს ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა აღნიშნულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა.
ტექნიკური დავალება მოიცავს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ მომსახურებას. გეგმური სერვისი ყოველ 24 ათას კილომეტრზე უნდა განხორციელდეს და მოიცავს ძრავის ზეთის, სხვადასხვა ფილტრების, სამუხრუჭე სისტემის, ტრანსმისიის, კონდიცირების სისტემისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შემოწმებასა და შეცვლას. არაგეგმური მომსახურება კი ავტობუსების დაზიანების ან გაუმართაობის შემთხვევაში შესრულდება.
დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურების მიზანია ავტობუსების ტექნიკური პარამეტრების, კომფორტისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, ასევე მათი გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. საგარანტიო პერიოდში ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მწარმოებლის რეკომენდაციების სრული დაცვით ისე, რომ ავტობუსების ქარხნული გარანტია არ დაზიანდეს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს კონკრეტული გამოცდილების დადასტურება მოუწევთ. მათ 2023 წლიდან დღემდე უნდა ჰქონდეთ M3 კატეგორიის ავტობუსების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება არანაკლებ 5 მილიონი ლარის ღირებულებით. გარდა ამისა, პრეტენდენტს თბილისში უნდა გააჩნდეს სერვისცენტრი, სადაც ერთდროულად მინიმუმ ხუთი ავტობუსის მომსახურება იქნება შესაძლებელი.
სატენდერო პირობებით ასევე მოთხოვნილია ISO 9001-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატი. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესრულება კვირაში მინიმუმ ექვსი დღის განმავლობაში მოუწევს, ხოლო ტექნიკურად გაუმართავი ავტობუსების შემოწმებისა და შეკეთების პროცესში თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მუდმივი კოორდინაცია იქნება აუცილებელი.
ტენდერის პირობების მიხედვით, გეგმური მომსახურება ავტობუსის სერვისცენტრში მიყვანიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს. იგივე ვადა ვრცელდება არაგეგმურ მომსახურებაზეც, თუმცა მძიმე დაზიანებების შემთხვევაში მხარეებს დამატებითი დროის შეთანხმების შესაძლებლობა ექნებათ.
დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების ნაწილი განხორციელდება უკვე მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მწარმოებლის მოთხოვნების საფუძველზე. ასევე განსაზღვრულია, რომ გამოყენებული სათადარიგო ნაწილებისა და მასალების უტილიზაცია მოქმედი გარემოსდაცვითი ნორმების შესაბამისად განხორციელდეს.
ტენდერში წინადადებების მიღება 15 ივლისს დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება.