ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „შპიონაჟში ხელოვნური ინტელექტის ახალმა შესაძლებლობებმა ვიდეოკამერებისადმი ვლადიმერ პუტინის შიში გამოიწვია“ (ავტორი - ქრისტეფორე მილერი). პუბლიკაციაში განხილულია სიტუაცია ირანის მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება არასასურველი პირების განადგურება ვიდეოკამერებით თვალთვალის შედეგად, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.
„კვირის პალიტრა“ გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
რუსეთმა მოსკოვში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაცვის გაუმჯობესების მიზნით, გამორთო ვიდეოკამერების სათვალთვალო ქსელი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა ირანის საგზაო კამერების მონაცემების გასაანალიზებლად, ქვეყნის უზენაესი ლიდერის - ალი ხამენეისა და მისი თანაშემწეების შეხვედრის ადგილი რომ დაედგინა. როგორც ცნობილია, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაიღუპნენ როგორც თვითონ ალი ხამენეი, ისე - ირანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები. მსგავსი მეთოდი გამოიყენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც ირანის სხვა სახელმწიფო და სამხედრო ლიდერების ლიკვიდაციის მიზნით.
ამას წინათ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB - Federal Security Service) დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა, გაითვალისწინა რა ირანში მომხდარი პრეცედენტი, მკაცრად მიუთითა უშიშროების რეგიონული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: „ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანელი მაღალჩინოსნების განადგურება მკაფიო გამაფრთხილებელ ნიშანს წარმოადგენს. მსხვერპლის ადგილმდებარეობა დაადგინეს თეირანის ქუჩებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში შეღწევით“.
მართალია, მოსკოვში დადგმული 300 ათასამდე ვიდეოკამერა მოგვიანებით ისევ ჩაირთო, მაგრამ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ინჟინრებმა და პროგრამისტებმა გულდასმით შეამოწმეს - არის თუ არა სათვალთვალო სისტემა ინტერნეტისაგან იზოლირებული.
გამოდის, რომ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის მიერ, საკუთარი მოსახლეობისადმი თვალთვალის მიზნით შექმნილი ვიდეოკამერული სისტემა ისეთი მოწყვლადია, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაადგილების დასადგენადაც, რითაც მტრები თავისუფლად ისარგებლებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით „ფაინენშელ ტაიმსის“ მიერ დასმული კითხვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხოდ დატოვა.
თავის დროზე უკრაინამ მოახერხა რუსეთის საგზაო ვიდეოკამერების ქსელში შეღწევა ნაწილობრივ, მაგრამ - მაინც. გარდა ამისა, კიევმა მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობითაც ისარგებლა. როგორც „ფაინენშელ ტაიმსს“ ერთ-ერთმა უკრაინელმა ვიდეოჰაკერმა შეატყობინა, რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სიფრთხილის ზომების მიუხედავად, მოსკოვში, თვით კრემლის ირგვლივაც დამონტაჟებული კამერები ხშირად „ტყდება“ ანუ მათში შეღწევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, ჩინეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს ვიდეოკამერების ახალი თაობის შესაქმნელად, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, რომლებსაც შეუძლიათ სცენების ინტერპრეტირება, ადამიანის ქცევების გამოცნობა და გადაღებულ მასალაში კონკრეტული პიროვნების მიკვლევა ანუ ამით კიდევ უფრო მატულობს ვიდეოდაკვირვებისა და თვალთვალის ეფექტიანობა.
„ეს თვალთვალისა და დაზვერვის „წმინდა გრაალს“ წარმოადგენს“, - უთხრა „ფაინენშელ ტაიმსს“ ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა - იგი იმ ქვეყნიდანაა, რომლის ხელისუფლება ფართოდ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს თავის ქალაქებში, - „ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ თითოეული ადამიანის ქცევას, რაც უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს“.
ვრცლად: kvirispalitra.ge
წყარო: www.ft.com