ბრიტანულ-ამერიკული სტარტაპის, Quantinuum-ის $15-მილიარდიანი IPO-ს შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელი, ილიას ხანი, Forbes-ის მილიარდერთა რიგებში შევიდა. Nasdaq-ზე აქციების საჯაროდ განთავსებისას Quantinuum-მა $1.6 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიაში ხანის აქციების ღირებულება $2.2 მილიარდამდე გაიზარდა.

კვანტური გამოთვლების კომპანია Quantinuum-მა 3 ივნისს IPO-ზე ჯამში 28 მილიონი აქცია გაყიდა — IPO-ზე სტარტაპისთვის თითო აქციის ფასი $60-ად განისაზღვრა. Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა კი Quantinuum-მა აქციაზე $58-იანი შეფასებით დაიწყო. ილიას ხანი Quantinuum-ის დაახლოებით 15%-იან წილს ფლობს, რომლის ღირებულებაც ამჟამად $2.2 მილიარდს შეადგენს.

სტარტაპი 2021 წელს Honeywell-ის კვანტური გამოთვლების ბიზნესისა და Cambridge Quantum-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. Cambridge Quantum Computing-ი კვანტური კომპიუტერებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნიდა.

Honeywell-ი ხანის კომპანიას მის ოფიციალურად შეერთებამდეც აფინანსებდა, ხოლო გაერთიანების ფარგლებში დამატებით $300 მილიონი ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული გარიგების შემდეგ ხანი გაერთიანებული კომპანიის CPO-სა და ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე დაინიშნა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში Quantinuum-ი კვანტურ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ იმ ცხრა სტარტაპს შორის დასახელდა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმით, $2 მილიარდის ოდენობის გრანტებს მიიღებენ. გარდა ამისა,  ტრამპის ადმინისტრაცია ამ კომპანიებში კაპიტალის წილების შეძენასაც განიხილავს.

წყარო: forbes.ge