რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მან რუსეთის მიერ ე.წ. ტრადიციული ღირებულებების დაცვის კანონის მიღების მესამე წლისთავი აღნიშნა.

ვოლოდინი პოსტში მცდარად ირწმუნება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მხარს უჭერენ პედოფილიას. მისივე მტკიცებით, ბრიტანეთში არასრულწლოვნებზე სქესობრივ ექსპერიმენტებს ატარებენ. რუსი პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ ევროკავშირში სლოვაკეთისთვისა და უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევა იმიტომ სურთ, რომ მათ კონსტიტუციაში ქორწინება მამაკაცისა და ქალის კავშირად განსაზღვრეს. სინამდვილეში, ბრიუსელსა და ამ ორ ქვეყანას შორის არსებული განხეთქილება მათ რუსეთის სასარგებლო განწყობებსა და ნაბიჯებს უკავშირდება. ამასთან, ვოლოდინი ირწმუნება, რომ საქართველოს "ევროკავშირის ზღურბლთან" მას შემდეგ არ უშვებენ, რაც აქ ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი მიიღეს. სინამდვილეში, კანდიდატი ქვეყნებიდან საქართველოს აუტსაიდერებში დარჩენის მიზეზი მზარდი დემოკრატიული უკუსვლაა.

"3 წელი გავიდა, რაც... ძალაში შევიდა კანონი, რომელიც იცავს ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს. 2022 წლიდან რუსეთში აკრძალულია ნებისმიერი ლგბტ-ს, პედოფილიისა და სქესის შეცვლის პროპაგანდა. აქამდე კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქორწინება არის კავშირი კაცსა და ქალს შორის. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანია.

ამავდროულად ვხედავთ, ევროპის რიგ ქვეყნებში როგორ გრძელდება ადამიანებისთვის ფსევდოღირებულებების აგრესიული თავსმოხვევა. თანაც ყველაზე ადრეული ასაკიდან. ინგლისში ამზადებენ ექსპერიმენტებს, რომელთა ფარგლებშიც 226 ბავშვს 10 წლიდან, რომლებიც თავს ტრანსგენდერებად თვლიან, შეუყვანენ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებს. არსობრივად, მათ მთელი ცხოვრებით ითრევენ ძვირადღირებულ თერაპიაში.

ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს ევროპულმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარება დაავალდებულა. ისინი, ვისაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ამისგან დაცვა სურთ, ეჩეხებიან მტკიცე წინაღობებს.

სლოვაკეთსა და უნგრეთში მიიღეს კონსტიტუციური შესწორება, რომელიც ამყარებს მხოლოდ ორ სქესს - მამრობითსა და მდედრობითს. შედეგი: ევროკავშირი ცდილობდ, მათ ევროკავშირის საბჭოში ხმა ჩამოართვას. საქართველოს, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის ზღურბლთანაც კი აღარ უშვებენ.

ქვეყნებს, სადაც აქეზებენ და თავს ახვევენ არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს, პედოფილიასა და სქესის შეცვლას, მომავალი არ გააჩნიათ. თქვენ როგორ ფიქრობთ?" - დაწერა ვოლოდინმა.

tabula.ge