"ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე აზერბაიჯანულ მედიაში საქართველოს ანტიპიარ კამპანიას ეხმიანება და ამბობს, რომ აზერბაიჯანი ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, აზერბაიჯანის მედიას საქართველო გამოჰყავს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების მოწინააღმდეგედ, რომელიც ქმნის ბარიერებს და რომელსაც არ უნდა რეგიონის განვითარება და აყვავება.

მისივე თქმით, საქართველო აზერბაიჯანისთვის აღარ არის მსოფლიო ბაზარზე მისი ენერგეტუკული რესურსების ექსკლუზიურად გამტარი, რის გამოც იწყებს "კოზირების გამოჩენას", მათ შორის, მის გაზზე ჩვენს დამოკიდებულებითაც. ამ კონტექსტში გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ 2026 წელს ვადა გასდის ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით საქართველოსთვის კუთვნილი გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების ხელშეკრულებას. მიმდინარეობს მისი განახლება.

რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"კარგად გავეცანი აზერბაიჯანულ მედიაში წამოწყებულ კამპანიას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბევრი რამ აჟიოტაჟის ატეხვის და საქართველოზე ზეწოლის მიზნით კეთდება. საზღვარზე აზერბაიჯანული ტრაილერების შეყოვნების საკითხიც გაზვიადებული ჩანს. ამ ტვირთებში არაა საქმე, პრობლემა გაცილებით დიდია. წარმოქმნილი წინააღმდეგობის განხილვა იმ კუთხით, რომ “ოცნების” მთავრობა იმტერებს მეზობლებს და ცალსახად აზერბაიჯანულ პოზიციებს მივემხროთ, არ არის სწორი. ამ ხელისუფლებას იმდენი ცოდვა მიუძღვის ხალხის წინაშე და იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ერთით დამძიმება არაფერს ცვლის. პრობლემა მეტად სერიოზულია და ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სამომავლო ინტერესებს ეხება. სომხეთი საქართველოდან მარაგდება როგორც ზღვით, ასევე ხმელეთით. ეს ქართული პორტების და რკინიგზის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნავთობროდუქტების ასი პროცენტი ამ ქვეყანაში საქართველოდან შედის. რეგიონში მომხდარი დიდი ძვრების შედეგად ბევრი რამ მკვეთრად იცვლება. ეს არა მხოლიდ ზანგეზურის კორიდორის ამოქმედებას ეხება, რომელსაც საკმაო დრო დასჭირდება, არამედ ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ალტერნატიული გზების გამოჩენასაც, რომელიც საქართველოს აუვლის გვერდს. ეს ანაკლიაზეც იმოქმედებს. ერთი კონკრეტული შედეგი უკვე დადგა: რუსეთის რკინიგზა სომხეთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდა. ასევე მყარდება სარკინიგზო კავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთპბროდუქტების მიწოდება უკვე პირდაპირ რკინიგზით მოხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს რკინიგზას ნავთობის ჩვენს ტერიტირიაზე გატარების სატრანზიტო ტარიფები აქვს დაწესებული. რკინიგზის ამ მონაკვეთის ( გარდაბანი-სადახლო) სიგრძე 111 კილომეტრია. აზერბაიჯანი უკმაყოფილოა ამ ტარიფის სიდიდით და მის მკვეთრ შემცირებას ითხოვს. რამდენად სამართლიანი ქართული მხარის შეთავაზება, ეს საკითხი შესასწავლია და რაიმე დასკვნას ახლა ვერ შემოგთავაზეთ. ეს ჩემზე უკეთ ამ დარგის ვიწრო სპეციალსტებმა იციან. 2026 წელს ვადა გასდის ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით საქართველოსთვის კუთვნილი გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების ხელშეკრულებას. მიმდინარეობს მისი განახლება. ზოგადად, აზერბაიჯანიდან გაზის მიღების საკითხები ახლებურად დგება დღის წესრიგში. რუსული გაზის ევროპაში იმპორტის აკრძალვის შემდეგ აზებაიჯანული გაზი განსაკუთრებით სასურველი გახდა ევროპისათვის. ისინი მნიშვნელოვნად მეტს უხდიან აზერბაიჯანს, ვიდრე ვუხდიდით ჩვენ და მომავალში შევძლებთ გადახდას. ასეთ დროს საქართველოს მხრიდან ვითარების დაძაბვა უგუნურობა იქნებოდა. როცა ხელისუფლება არაადეკვატურია, ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით ჩანს-აზერბაიჯანი ძაბავს ვითარებას. საქართველო უკვე არ არის მსოფლიო ბაზარზე მისი ენერგეტუკული რესურსების ექსკლუზიურად გამტარი. პოლიტიკურადაც ზურგმომაგრებულია. აზერბაიჯანის მედიას საქართველო გამოჰყავს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების მოწინააღმდეგედ, რომელიც ქმნის ბარიერებს და რომელსაც არ უნდა რეგიონის განვითარება და აყვავება. გაისმის ასევე მუქარა აზერბაიჯანული მედიის მხრიდან საქართველოს მიმართ. გვაგრძნობინებენ, რომ კოზირები მათ ხელშია. პირველ რიგში აზერბაიჯანულ გაზზე ჩვენი დამოკიდებულება იგულისხმება. როცა საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება გყავს, მას არ შესწევს ქვეყნის ინტერესების ადეკვატურად დაცვის უნარი. საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა მრავალმხრივ ასუსტებს ქვეყანას, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობაში. ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს და ამ ინტერესების რეალიზების კუთხითაც უნდა შევხედოთ მიმდინარე მოვლენებს." - წერს გოცირიძე სოც. ქსელში.