შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.

არსებობდა ცეცხლის სხვა არეალზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი. სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.

სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.

მუშაობენ ყველა შესაძლო ხანძრის გამომწვევ სხვა ვერსიაზე.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დანიშნულია ექსპერტიზა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.