დღეიდან, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდება, მათი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურად გაძლიერების, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის შესრულების მიზნით. ბიუროს დაარსების დღიდან რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოში კი დამოუკიდებელ უწყებად 2022 წლის 1 მარტიდან შეიქმნა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამონაცვლე იყო.
