ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნუგზარ კევლიშვილის განცხადებით, ფეროშენადნობების ბაზარზე მდგომარეობა კვლავ მძიმეა

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, ამჟამად 12 საწარმო გაჩერებულია და სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტაა.

"ფეროშენადნობების ბაზარზე სტატისტიკური მონაცემები ნამდვილად გაზრდილია. კარგია, ის, რომ იანვარში 86%-ით გაზრდილია ექსპორტი. ეს ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული - შარშან ამ პერიოდში უფრო ღრმა კრიზისი იყო ჩვენს დარგში და "ჯორჯიან მანგანეზს" რამდენიმე თვე მოუწია თავისი წარმოების გაჩერება. შესაბამისად, ექსპორტიც შემცირდა. დიდად შეცვლილი არ არის ბაზარზე სიტუაცია. მთელ მსოფლიოში სამწუხაროდ კვლავ მძიმეა ჩვენს დარგში მდგომარეობა. ჩვენი დაკვირვებით, ერთადერთი რამ რამაც შეიძლება დარგში კრიზისი გამოასწოროს და სიტუაცია გააუმჯობესოს - ეს არის უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა. 

ზუსტად 4 წელია, რაც უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და ზუსტად 4 წლის წინ დაიწყო ჩვენს დარგში კრიზისი და ფასების მკვეთრი დაცემა. შარშან ფასები ისტორიულ მინიმუმზე დაფიქსირდა, შემდეგ ამას მოჰყვა მცირე ზრდა, თუმცა ეს ფასი არ არის ის, რაც სასურველია. 

ძირითადი დამსაქმებელი ჩვენს დარგში "ჯორჯიან მანგანეზია", რომელიც დაახლოებით, ბაზრის 80% ქმნის და კარგია ის, რომ კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მუშახელის რაოდენობა არ შემცირებულა. რაც შეეხება სხვა კომპანიებს - "ჯორჯიან მანგანეზის" გარდა სტაბილურად "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" მუშაობს და კიდევ 2 საწარმო ჩართვა-გამორთვის რეჟიმში მუშაობს. დანარჩენი სამწუხაროდ გაჩერებულია და ასეთია, 12 საწარმო", - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.

bp.ge