89:60 – ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია თბილისში და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა და როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის ძალიან ბევრს წყვეტდა. წაგების შემთხვევაში დანიელები ჯგუფს მეოთხე ადგილზე (მიუხედავად იმისა, რომ ივლისში კიდევ ორი ტურია) დაასრულებდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას კი ოთხგუნდიანი ჯგუფებიდან საუკეთესო სამ-სამი ნაკრები განაგრძობს.
A ჯგუფიდან გავიდნენ ესპანეთი, უკრაინა და საქართველო. ბოლო ორ ტურში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვინც მეტ ქულას დააგროვებს, ფინალურ ეტაპზეც ის ითამაშებს. აქვე გეტყვით: მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ჯგუფის ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს შეუერთდება, ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მოხვდება.
მატჩის სურათი წინასწარვე გამოსაცნობი იყო: დანიის ნაკრებს ევროლიგის კალათბურთელები იფე ლუნდბერგი და შეივონ შილდსი აკლდა. გუნდში უმეტესად დანიის ჩემპიონატის ახალგაზრდები თამაშობენ და შენგელიას, რიდის, სანაძის დარ გამოცდილ მოთამაშეებთან კლასში სხვაობა ნამდვილად იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად განსწავლული, ენერგიული გუნდია, დანია საქართველოს პირველივე ტაიმში ჩამორჩა და ჩვენი გუნდი დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა (43:31). მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა იმდენად გაიზარდა (58:34), რომ ბოლო 15-მა წუთმა ფორმალური სახე მიიღო. ცხადი იყო, რომ დანიელები თამაშს ვეღარ შემოატრიალებდნენ.