ამერიკის შეერთებული შტატები სამოგზაურო აკრძალვის დაწესებას დამატებით 30-ზე მეტი ქვეყნისთვის გეგმავს, – ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა.

Fox News-ის ადაცემა The Ingraham Angle-ში ინტერვიუს დროს, ნოემმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აფართოებს სამოგზაურო აკრძალვის მქონე ქვეყნების სიას.

კრისტი ნოემს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ აკრძალვა 30-ზე მეტ ქვეყანას შეეხება.

„კონკრეტულად არ დავასახელებ, მაგრამ ეს 30-ზე მეტი ქვეყანაა და პრეზიდენტი აგრძელებს ქვეყნების შეფასებას“, – განაცხადა კრისტი ნოემმა.

დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის ივნისში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აკრძალა 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლა და შეზღუდვები დააწესა კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. დამატებით კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან მგზავრობის ნაწილობრივი შეზღუდვების ქვეშ: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს ნაბიჯი საჭიროა ქვეყნის „უცხოელი ტერორისტებისგან“ დასაცავად.

1tv.ge